სარჩობელაზედ, ილია ჭავჭავაძე / ქართული ლიტერატურა ბლოქჩეინზე.

anakur(62)
Published in
#writing
Words
1070
Reading
5 min
Listen
Play
8y

სარჩობელაზედ (პატარა ამბავი)

I

შუა ზაფხული იყო. მინდვრები და ქედები გოლვას სულ მთლად გადაეჭკნო და ფერი ეცვლევინებინა. იმ დღეს, რა დღიდამაც ვიწყებთ ჩვენს ამბავს, ასეთი ცხარე მზე სწვავდა ქვეყანასა, ასეთი პაპანაქება იდგა, რომ დედამიწას ბუღი ასდიოდა, თითქო გახურებული თონეაო. კაცი სიცხისაგან დაოსებული ძლივს სულს იქცევდა. ამისთანა დღეს საქონელ-გამოშვებულნი ღვინის ურმები იდგნენ მწკრივად ლოჭინის ხევის პირას. ხევში წყალი გოლვისაგან ისე მილეულიყო, რომ ძლივსღა მოიპარებოდა ქვებთა შორის რიყეზედ. საცოდავი მეურმეები, ქანცგაწყვეტილნი სიცხისაგან, გულდაღმა გაშოტილიყვნენ კონკილაზედ აყენებულ ურმებ-ქვეშ. ყველას ეძინა; — მარტო ორიოდ ბიჭი, კალთებ-აწეულნი, იდგნენ გუბის პირას და ხის ჯამებით ასხამდნენ წყალს პირდაღებულს, დასიცხულს კამეჩებსა, რომელნიც გუბეში ეყარნენ. აქეთ, პატარა მოშორებით, თავი მოეყარნათ ხარებსა, ჩამდგარიყვნენ გუბის პირას, თვალებ-დახუჭვილნი იცოხნებოდნენ და კუდით იგერიებდნენ მოუსვენარ ბუზებსა.

მზე გადიხარა: თბილმა შეგუბებულმა ჰაერმა მოძრაობა დაიწყო. იმ ენაჩავარდნილმა ადგილმა გაიხმაურა. აიშალნენ მეურმეები თვალების ფშვნეტითა; პირზედ წყალი შეისხეს და შესაბმელად მორეკეს საქონელი, რომელიც სიცხის გატეხაზედ მინდვრად გასულიყო და სცოხნიდა გოლვისაგან გამხმარს ბალახსა. „ჰოო, ხიო, პატრონ-ძაღლო.....“ და სხვა ამისთანა და ამაზედ უარესიც ისმოდა მეურმეების ხმაურობაში. როცა შეაბეს და წინა-მეურმემ შოლტი გამართა, რომ ხარებს გაუტყლაშუნოს და დასძრას ურემი, მაშინ უეცრად ხევის ყურედამ ორი ყმაწვილი გამოვიდა გზაზედ. ორივეს ტანზედ სალდათის მაუდის „კურტკები“ ეცვათ. ერთს მათგანს თავზედ ეხურა უშველებელი ჩერქეზული ქუდი. ქუდი ისე ჩამოფხატოდა თავზედ, რომ ცხადი იყო, ქუდის პატრონი სხვა ყოფილა და მხმარებელი სხვაა. მეორეს ეხურა სალდათური უწინდებური უკაზიროკო ქუდი.

ჩერქეზულ-ქუდიანი თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლისა იქნებოდა, მეორე ან თოთხმეტისა, ან ხუთმეტისა. უფროსის სახე არ იყო ძალიან მარილიანი: იმისი სხარტე და ფირფიტა ნიკაპი, იმისი წვრილი, სწრაფი და მოუსვენარი თვალი, ჩქარ-ჩქარი თვალთა ხამხამი ცხადად ამბობდა, რომ ამ კაცის კანში რაღაც უფხო გულია დამალული. მეორე, უმცროსი, — უფროსსა ჰგვანდა კიდეც და არცა ჰგვანდა: ჰგვანდა ზოგიერთ სახის ასოს მოყვანილობაში, მაგრამ უფრო მარილიანი იყო. ამისი შავი და ღრმა თვალები მკვახედ გამოიყურებოდნენ. წარბშეკრული და გულდახურული, თითქო რაღაცას ითმენსო და თავისთავს ძალას ატანსო, შინაგანი ამღვრეულობა არავის ამცნოსო. პირველი იმისთანა იერის ყმაწვილი იყო, რომ კაი კაცის კვალზედ წავიდოდა, — შესამჩნევი არა იქნებოდა-რა, ავის კაცის კვალზედ დადგებოდა, — ქურდ-ბაცაცობის მეტს ვერაფერს ვერ შესძლებდა. მეორეს კი სხვა ნიშან-წყალი ჰქონდა.

— გამარჯვება თქვენი, — უთხრა მეურმეებს უფროსმა.

— აი, გაგიმარჯოთ, — მისცეს პასუხი.

— თქვენ უთუოდ ქალაქს მიდიხართ.

— გამოცანა გერგება, — დაუძახა დაცინებით ერთმა მეურმემ.

უფროსმა ღიმილით ჩამოართვა ეს დაცინება და ლაქუცითაც. უმცროსმა უფრო წარბი შეიკრა და რისხვამ ელვასავით გაურბინა სახეზედ, მაგრამ თავი მალე შეიკავა. ეტყობოდა, რომ გულის მოძრაობას მოერია.

— აი, დალახვრა ღმერთმა ავი კაცი! — წამოიძახა უფროსმა: — ჩვენ თუქურმიშის შკოლაში ვიყავით, ჩვენ ორნივ ძმები ვართ, თავადიშვილები...

— ბეჟან! — დატუქსვის ხმით დაუძახა უმცროსმა თავის ძმას და ისეთის თვალით შეხედა, რომ სიტყვა გააწყვეტინა. ეტყობოდა, რომ უმცროსს რაღაც სიტყვა თავისის ძმისა არ მოეწონა და გაწყრა. ბეჟანმა, თუმცა პირველში სიტყვა გაწყვიტა, მაგრამ მალე მოუტრიალდა გაწყვეტილ ამბავს და ძმას ყური აღარ ათხოვა.

— ჩვენ ორნივ ძმები ვართ, თავადიშვილები, — განაგრძო ბეჟანმა, — მამა-ჩვენმა ქალაქიდამ ერთი თუმანი გამოგვიგზავნა, — როცა დაგითხოვონო, ერთი რუსის პოვოსკა დაიჭირეთ და წამოდითო. ჩვენც, — აი, ამოაგდო ღმერთმა ავი-კაცის ქოქი, — ერთს რუსს გავურიგდით, რვა მანეთი მივეცით, რომ ქალაქში ჩავეყვანეთ. წამოგვიყვანა, გზაზედ დუქანში დაგვეთრო, გადმოგვყარა პოვოსკიდამ, თითონ შინ დაბრუნდა და ჩვენ ასე გამოგვისტუმრა. ჩვენი ბარგი და რვა მანეთი ფული თან გაიყოლა იმ სულ-ძაღლმა.

უმცროსი მთლად აირია. მიტრიალდა, ზურგი მეურმეებს და თავის ძმას შეაქცია, დაიწყო უაზროდ ყურება და მერე დაჟინებით დააცქერდა ჩამავალს მზესა.

— ერთი ასეთი ბუზმენტიანი ჩოხა გაიყოლია თან ჩემი, რომ ხუთ თუმნადა ღირდა, — დაიწყო ისევ უფროსმა, — ჩოხას ჯანი გავარდეს, ის ძველი და სხვა ახალი: მამა-ჩვენი შემძლებელი კაცია...

უმცროსი მოუტრიალდა ძმას უფრო გულამღვრეული და გაჯავრებული, ვიდრე წინად.

— ბეჟან, გეყოფა, კარგი!.. — უთხრა უმცროსმა, თითქო წყრომითაც და ვედრებითაც.

ბეჟანმა მაინც კიდევ ყური არ ათხოვა და მოჰყვა ისევ თავისებურად:

— ორი დღის უჭმელები ვართ. ცუდი საქმე დაგვმართა იმ ოჯახდაქცეულმა. აბა ეხლა რა უნდა ვქნათ ამ უცხო ქვეყანაში?

— ვაი ჩემს გამჩენს! — უპასუხა ერთმა დროულმა მეურმემ. — უცხო ქვეყანაში რად იქნებით!.. ასე გონია, სათათრეთში იყვნეთ!.. ეს ქვეყანა საქრისტიანო საქართველოა. პურსაც გაჭმევთ, ღვინოსაც დაგალევინებთ და კაი ქეიფსაც გაგაწევინებთ. ვაი ავ-კაცს, რომ თქვენი ცოდვა აუღია, თორემ თქვენ რა გიჭირთ? ასე ჩაგიყვანთ ქალაქშია, რომ ქარიც არ მოგადინოთ.

უმცროსს წარბი გაეხსნა, მოღრუბლულს სახეზედ რაღაც სიამოვნების ფერმა გადაჰკრა. ერთობ მისის სახის მეტყველებამ განცვიფრებული სიხარული გამოსთქვა, თითქო ადამიანის გულკეთილობას პირველად შეხვდაო და უკვირსო.

იმ დროულმა კაცმა გახსნა ხურჯინი, ერთი შოთი ერთს მისცა, მეორე — მეორესა და ერთი ჩარექა ღვინოც ჩამოუსხა პატარა ტიკჭორიდამ.

— ვაი შენს პეტრეს! — დაიწყო იმავ დროულმა. ჩვენ დალოცვილს ქვეყანაში შიმშილით ლეკიც არ მომკვდარა, თქვენ რად შეგშინებიათ? შეექეცით, შვილო! ეხლა კი ამ მშრალს პურს პურადძვირობაში ნუ ჩამოგვართმევთ, ამაღამ კი ასეთს ცხვრის მწვადებს გაჭმევთ, რომ ხონთქარმაც კი ტუჩები ილოკოს.

პეტრემ დაისო ორნივე თავის ურემზედ; წასვლა უთხრეს წინამეურმესა. დაიძრა ქარავანი ურმებისა. ამტვერდა მშრალი გზა.

იმავე დღეს, გლეხის ვახშმობის დროს, ამ მეურმეებმა ქალაქის პირში გამოუშვეს ურმები, რადგანაც ღამე იყო, და ქალაქში ღამის ხარჯს საქონელისას მოერიდნენ. მეურმეებმა თითო-თითო ღერი შეშისა, შორიდამ წამოღებული, გადმოიღეს ურმებიდამ და ცეცხლი დაანთეს. პეტრემ შესწო მწვადი თავის პატარა სტუმრებისათვის და როგორც შეეძლო გაუმასპინძლდა. ვახშამი სჭამეს. დაღალულნი მეურმეები დაეყარნენ და ძილს მიეცნენ. საქონელი მინდორზედ საძოვნელად გაიშალა; ღამის მეხრეები გვერდით ედგნენ ყარაულად. პეტრემ ყმაწვილებს ქვეშ გაუშალა თავისი ნაბადი და უთხრა:

— თავადიშვილები ხართ, ჩვენსავით ცარიელ მიწაზედ გდებას ვერ აიტანთ.

ყმაწვილები დაწვნენ, პეტრეც შორი-ახლო მიეგდო და მკვდარსავით დაეძინა.

გათენდა მტრედისფრად. მეურმეები აიშალნენ, მაგრამ ჩვენმა პეტრემ თავისი სტუმრები თავის ადგილას ვეღარა ნახა. მიიხედ-მოიხედა და თვალი ვეღარსად ვერ მოჰკრა.

— ვაი შენ ჩემო თავო! — დაიძახა ბებერმა პეტრემ, რაკი გული დააჯერა, რომ ყმაწვილები გაპარულან, — აკი არ მომატყუეს ეს დროული კაცი! გაპარულან!.. წაიღებდნენ რასმეს!..

იკრა პეტრემ ჯიბეს ხელი და ორივე მოჭრილი ჰქონდა. კეთილმა ბერიკაცმა გულნაკლულად ჩაიცინა:

— აკი იმ ძუძუმწოვრებმა არ გამქურდეს ეს დროული კაცი! — სთქვა ღიმილით და თაკილითაც პეტრემ. — ჩემზედ ახია: ისე როგორ დავიძინე, რომ ვერც კი გავიგე. აი დალახვრა ღმერთმა სიბერე! არა, შვილო, ეხლა ჩემი შვილდი უნდა ძირს დავდო. ტყუილად კი არ მეუბნებოდა ჩემი უფროსი შვილი: მამი, — დაჰბერდი, შორს გზაზედ მეურმეობაში ვეღარ გამოდგებიო. აკი ვეღარ გამოვდეგ, მე კი მეგონა აღზევანსაც წავალ-მეთქი კიდევ მარილზედ. ჰაი ტა, ტა, ტა... დავბერდი, დავჩაჩანაკდი... სირცხვილით შინ როგორღა მივიდე. მეურმე კაცი, ქალაქს მიმავალი ღვინის ურმით, გამქურდეს! მერე ვინა? ძუძუთა ბავშვებმა!.. ჯიბე მომჭრეს, ჯიბე. ვაი შენ, ჩემო თავო!

— ბევრი წაიღეს? — ჰკითხა ვიღაცამ.

— სამი და ათი შაური, — მიუგო პეტრემ. — აქ შვილო, სავალალო ეგ კი არ არი, მაგას ვინა სჩივის. ეს სირცხვილი როგორა ვჭამო, როგორ! უსუსურმა ბავშვმა გამქურდა. ვისაც ვეტყვი, დამცინებს, ჯალაბსაც კი სიცილად არ ვეყოფი, მეზობლები ჯავრით გამხეთქენ, ბიჭო, მძინარეს ჯიბეები დამაჭრეს!.. არა, შვილო, რაკი ქართველმა რუსული შლაპკა დაიხურა, იმის საქმე წასულია. ფუ, ეშმაკს! მერე ვინა? ჯერ ტუჩებზედ დედის რძე არა ჰქონდათ შემშრალი... ეს დროული კაცი... აი ტაი, ტაი, ტაი! ღმერთმა იმათ კი შეარგოთ და მე კი ეს სირცხვილადაც მეყოფა და სიცილადაც.

გაიქნივა თავი ისეთის ღიმილით, თითქო ხუმრობაში ატარებსო ამ საქმეს, მაგრამ გულში კი მართლა სცხვენოდა.

გაგრძელება - II

^ * ^ * ^ * ^