გურამ დოჩანაშვილის რომანის სათაურის სახისმეტყველებისათვის („სამოსელი პირველი“)
მანანა ნებიერიძე
გურამ დოჩანაშვილმა XX საუკუნის 70-იან წლებში გამოაქვეყნა რომანი „სამოსელი პირველი“. მკითხველმა იმთავითვე მიაქცია ყურადღება ნაწარმოებს და მის სათაურს, ჩვენ შევეცდებით სათაურის ქრისტიანული სიმბოლიკის ახსნას, რომელიც დატვირთულია აგრეთვე მხატვრული ფუნქციით.
სარწმუნოება ჩვენგან მოითხოვს უმეტეს გულმოდგინებას და მხნეობას, იგი წარმოაჩენს კაცის სათნოებას და ღირსებას. კაცი ბოროტი ვერ მიიღებს სახარებას, გაფანტული გული ვერ გაივსება სიყვარულით. ხასიათი და თვისება კაცისა გამოჩნდება იქიდან, თუ რა უყვარს, საითკენაა მიმართული მისი მისწრაფებები.
მაცხოვარი ამბობს: „სული უფროის არს საზრდელისა და გუამი სამოსელისა“ (მათე, VI - 25). სამოსელი პირველი - ეს არის სულიერება, რომელიც წინ უნდა ედოს ყოველ საქმეს, იგი არის უპირველესი საზრუნავი კაცისა. ყოველი ადამიანი უნდა ზრუნავდეს სულიერების შეძენისათვის. რომანს გურამ დოჩანაშვილმა უწოდა „სამოსელი პირველი“, რას უნდა ნიშნავდეს ეს? - ქრისტიანობა პირველად გაჩნდა ადამიანების გულში, გულიდან გამოდის სიტყვა და სიტყვა უნდა იქცეს საქმედ.
უპირველესი საზრუნავი ადამიანისა არის ის პირველი სამოსელი, რითაც უნდა შეიჭურვოს იგი, რათა არ ჩავარდეს შფოთსა და უბედურებაში. გურამ დოჩანაშვილმა ნაწარმოები დაწერა მეტად რთულ დროს, მაშინ, როდესაც საქართველოში სულიერებაზე საუბარი არა თუ აკრძალული, გაუგებარიც კი იყო მავანთათვის. ამიტომაც, მწერალმა მიმართა იგავურ ხერხს. „სამოსელი პირველის“ სახისმეტყველების შესწავლა, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს რომანის ფაბულისა და სიუჟეტის, მისი მხატვრული სტრუქტურის სიმბოლურ და ალეგორიულ ინტერპრეტაციას. მწერალი ალეგორიული ენით გვესაუბრება ყოფიერების უღრმეს ჭეშმარიტებებზე, რამეთუ მისი მიზანი გაცილებით აღზევებული და მრავალმნიშვნელოვანია.
რომანის ფაბულას, აგებულებას, კომპოზიციას, გმირთა ხასიათებს ღრმა იდეური სარჩული აქვს, თვითეული მოქმედი პირი ალეგორიულად განასახიერებს რაიმე იდეას, თითქმის ყველა გმირს საღვთისმეტყველო ალეგორიები ეძებნება.
მწერალი ალეგორიულ თხრობას წარმართავს თავისი ეპოქის ლიტერატურისათვის ფრიად უჩვეულო ფორმაში. რომანში არ არის მითითებული კონკრეტული ქვეყანა, არსად გვხვდება ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყნის ადგილის რაიმე სახელწოდება.
საღმრთო წერილის ალეგორიული ინტერპრეტაციის ცდა ძველი წელთაღრიცხვით I საუკუნის ელინისტურ ალექსანდრიაში ალექსანდრიელ ფილოსოფოს ფილონს ეკუთვნის, რომელიც ისევე, როგორც ელინისტური ხანის სხვა ებრაელი ავტორები, უწინარეს ყოვლისა, ბიბლიაში ეძებს ალეგორიულ საზრისს. ბიბლია მისთვის არის ისტორია სულისა, შესაქმისა, ცოდვათ დაცემისა და კვლავ აღზევება-განღმრთობისა. ფილონი, ისევე, როგორც სხვა ანტიკური ხანის ფილოსოფოსები, ადამიანის სულის ბედს განიხილავს, როგორც ნაწილს დიადი მსოფლიო დრამისა, რომელიც განუყოფელია სულის დრამისაგან.
ფილონის აზრით, მოსე მხოლოდ ისტორიის მოთხრობას როდი ისახავდა მიზნად დაბადების წიგნში, არამედ მისი მიზანი იყო, ცხადექმნა გზა სულისა, რომელიც მიელტვის ღვთის პოვნას. ეგვიპტიდან გამოსვლა ისრაელისა, უდაბნოში ხეტიალი, შემდეგ აღთქმულ ქვეყანაში შესვლა - შინაგანი გზაა სულისა ღვთისაკენ.
პირველი ადამიანები სამოთხეში ღმერთმა შემოსა სამოსელი პირველით „და უქმნა უფალმან ადამსა და ცოლსა მას სამოსელნი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ“ (დაბ. 3. 21). ფილონის აზრით, ეს სიმბოლურად აღნიშნავს პირველ ადამიანთა სხეულით შემოსვას, სხეულის კანს, ხოლო „და ცეცხლი მარადის ეგზნებოდეს საკურთხეველსა ზედა და არა დაშრტეს“ (ლევიტ 6. 13) ნიშნავს - ჭეშმარიტ სულს, რომელშიც მარადის ანთია საღვთო ცეცხლი.
ზეციური ჯილდოს მიღება და მიგება იმაზე კი არ იქნება დამოკიდებული, თუ ვინ იყო აქ, მიწაზე, დიდებული, ჩინებული ან მდიდარი, არამედ იმაზე, თუ ვინ როგორ შეინარჩუნა ქრისტესადმი რწმენა და როგორ გამოავლინა იგი ცხოვრებაში. ქრისტეს საშინელი სამსჯავრო ყველას უჩვენებს, თუ ვინ როგორი ჯილდოს ღირსი გახდება ღვთისგან. მდაბალი და პატიოსანი ადამიანები, რომლებიც სიმართლესა და ქრისტიანობისადმი რწმენას იცავენ, ამაღლდებიან ამაყ და გოროზ ადამიანებზე, მათზე, ვინც აგდებულად ეპყრობოდნენ პატიოსან ადამიანებს, დასცინოდნენ მათ ღვთისმოსაობასა და კეთილშობილებას. ვინც ამქვეყნად პირველობდა ხელისუფლებით, სიმდიდრით, ღვთისმოსაობით უკანასკნელი იქნება. სიმდიდრისაკენ სწრაფვა მანკიერი თვისებაა, რადგან ადამიანის სული, რომელიც სიმდიდრეს მიელტვის, დაღუპულია. სიმდიდრისაკენ სწრაფვა ხშირად ქურდობის, ძარცვისა და მკვლელობისაკენ უბიძგებს ადამიანს და, როდესაც იგი კვდება, გრძნობს სხეულისა და სულის სიშიშვლეს და სასოწარკვეთაში ვარდება.
ყოველმა ადამიანმა, რომელიც ამქვეყნიდან მიდის, გარკვეული ცხოვრების გზა უნდა განვლოს. ვიდრე ამქვეყნად ცხოვრობს, უნდა ახსოვდეს, რომ ის დრო, როცა იგი ცხოვრობდა უნდა გამოიყენოს არა იმისთვის, რომ სვას და ჭამოს და დრო გაატაროს, არამედ იმისთვის, რომ ყოველი წუთი გამოიყენოს სულის საცხონებლად. შეუძლებელია ადამიანი იყოს ქრისტიანი და არ ჰქონდეს რაიმე ფუნქცია. იგი იბადება თუ არა, ღმერთი მას შთაბერავს თავის უკვდავ სულს და აკისრებს კონკრეტულ ფუნქციას, ამიტომ, ქრისტიანი ფხიზლად უნდა ადევნებდეს თვალს თავის სულიერ მდგომარეობას, აკონტროლებდეს საკუთარ ქცევებს.
მაგრამ იმ დროს, როდესაც ეკლესია დაკეტილი იყო, მღვდლებად ყველაზე უღირსს ადამიანებს ნიშნავდნენ, რათა შეელახათ მართლმადიდებლური ეკლესიის ავტორიტეტი. ეკლესიაში სიარული დანაშაული იყო, მორწმუნე ადამიანს დასცინოდნენ, ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ უღმერთობაში, ქვეყანა ბანგით იყო მიძინებული, ცოდვებით მოკვდინებულთ არ იცოდნენ, დრო როგორ გაეტარებინათ. ხალხურმა სიბრძნემ ასეთ ქმედებას დროის მოკვლა დაარქვა, მართლაც, ქართველებმა მოკლეს დრო. კულტურის ცენტრებად მიჩნეული ეკლესია-მონასტრები გამოკეტეს. აუცილებელი იყო სულისათვის სასარგებლო და გონების გასანათებელი წიგნები, ძალზედ ესაჭიროებოდა ქვეყანას ეროვნული ცნობიერების აღდგენა. ამიტომაც, მწერალი ქვეყნის გაძლიერებისა და კულტურული ამაღლების მთავარ საშუალებად თვლიდა, შეფარვით შეეხსენებინა ადამიანებისათვის სულიერი მისია, რომ მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობაზე არ არის დამოკიდებული ადამიანის ბედნიერება, რომ ადამიანის სულს საზრდო ესაჭირობა.
სული, ღვთისმეტყველებაში, სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება; პირველი ადამიანის ხორციელი ცხოვრებაა, რითაც ადამიანის სხეულს სიცოცხლე ენიჭება. სული ზოგჯერ ნიშნავს ადამიანის სულიერი ცხოვრების საწყისს (I სოლ. 5. 23; ებრ. 4. 12; I კორ 2. 14), რომელიც ხორციელ ცხოვრებაზეა ამაღლებული, და ბოლოს, ღვთის სიტყვაში სული იგულისხმება ადამიანის პირადი სული, მისი უმაღლესი ძალებით, განსჯითა და ნების თავისუფლებით და მისი სულიერი ცხოვრებით (I კორ. 6. 20). ადამიანის სული ან ცხონდება, ან დაიღუპება იმისდა მიხედვით, როგორი იყო მისი სულიერი ცხოვრება.
ადამიანი, რომელიც უფრთხილდება, აპატივებს ხორცს და არაფერს აკეთებს სულიერი ცხოვრების მადლმოსილებისათვის, განძარცვულია სულიერი სამოსისაგან. რა უნდა იყოს ადამიანისათვის იმაზე საშინელი, როდესაც მიწიერი ცხოვრებით დამტკბარი საფრთხეს შეუქმნის თავის სულს, თავის პირველ სამოსელს.
წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „სულის გამოსყიდვა შეუძლებელია, თუ დაკარგავ ფულს, სხვას ნახავ, მაგრამ სულის დამკარგავი ვერ შეძლებს სხვა სულის პოვნას. თუნდ მთელ სამყაროს ფლობდე, ქვეყნიერების მეუფეც რომ იყო, მთელი ქვეყნის ფასადაც კი ვერ იყიდი დაკარგულ სულს“.
ადამიანის სულის მაღალი ღირსება კიდევ უფრო იმაში ვლინდება, რომ ადამიანთა სულების მარადიული დაღუპვისაგან გამოსახსნელად, ძე ღვთისა თავად გარდამოხდა ზეციდან, იცხოვრა მიწაზე, დევნილ და განკიცხულ იქნა, ჯვარს ეცვა და საშინელი წამებით აღესრულა. ასე ღმერთკაცის სისხლის ფასად არის გამოსყიდული ადამიანის სული, ასევე მაღალია მისი ღირსება. ამიტომაც უნდა დავუგდოთ ყური სულის ძახილს, შინაგან ხმას. კეთილი საქმე არ უნდა გადავდოთ მომავლისათვის, ღვთის სასუფეველში შესვლა შეუძლებელია მიწიერი წარმატებით. იქ ადამიანი მხოლოდ ჯვარის მტვირთველობის ვიწრო გზით შევა. მთელი ჩვენი ცხოვრება არის შრომა, მწუხარება, დარდი, შეუსვენებელი ტვირთვა ჯვარისა, რომ მიემსგავსო უფალს და არ დაკარგო, უფლისგან ნაბოძები, პირველი სამოსელი.
ეფრემ ასური მოგვითხრობს, „ქრისტეს მოციქულმა, უფლის საყვარელმა მოწაფემ, იოანე ღვთისმეტყველმა, როდესაც ასიას ქვეყანაში იმყოფებოდა, ერთ-ერთ ქალაქში იპოვა მშვენიერი ჭაბუკი, კარგად შემოსილი, ძლიერი აღნაგობის მქონე და ხორციელ ფუფუნებაში მყოფი. წმინდა მოციქულმა მოისურვა, იგი კერპმსახურებისგან განეშორებინა და სულით ეცხონებინა. ამისათვის მასში სარწმუნოების კეთილი თესლი დათესა, მან კი მისი ყოველი სიტყვა შეიწყნარა და აღუთქვა, რომ ქრისტეს მორწმუნე შეიქმნებოდა. მოციქულმა ჭაბუკი ეპისკოპკოსთან მიიყვანა და უთხრა: - გაბარებ ამ კაცს ღვთისა და ეკლესიაში შემოკრებილთა მოწმობით, რათა ასწავლო ჩვენი უფლის სარწმუნოება და გულმოდგინედ დაიცვა მტრისაგან. ჩაიბარა ეპისკოპოსმა ჭაბუკი, თავისთან ახლოს ამყოფებდა, სარწმუნოებაში განამტკიცებდა და გარკვეული დროის მანძილზე აკვირდებოდა, მალე მონათლა კიდეც და ფიქრობდა, რომ იგი ნათლისღებით აღჭურვა. შემდეგ განეშორა მას, არც ახალს რაიმეს ასწავლიდა და არც მოიკითხავდა ხოლმე.
ჭაბუკმა იპოვა დრო და შეუერთდა უკეთურ, გარყვნილ და ბოროტის მაძიებელ ახალგაზრდებს, რომელთაც მას მრავალგვარი უკეთურება, სამარცხვინო საქმე და ქურდობა ასწავლეს, დაატარებდნენ მეძავებთან, დუქნებში, ლოთებთან და ღვთის საწინააღმდეგო საქმეებს აზიარებდნენ. ბოლოს იგი თავისი ძლიერებისა და სიმხნევის წყალობით, ავაზაკთა მთავარი შეიქმნა. იგი სიბოროტით მძვინვარე მხეცს დაემსგავსა და მის გულში ღვთის შიში სრულიად გაქარწყლდა. ასეთ გარყვნილებაში მან რამდენიმე ხანი დაჰყო. როცა იოანე ღვთისმეტყველი იმავე ქალაქში დაბრუნდა, მოიკითხა ეპისკოპოსი და მიმართა: - ეპისკოპოსო, დამიბრუნე მე იგი, რომელიც ჩაგაბარე ღვთისა და ეკლესიაში შემოკრებილთა მოწმობით. განცვიფრდა ეპისკოპოსი, რადგან ეგონა, რაიმე საგანძურის შესახებ ესაუბრებოდა. წმინდა იოანემ ეპისკოპოსის შეშფოთება იგრძნო და განუმარტა - მომგვარე ის ჭაბუკი, რომელიც ღვთის წინაშე შეგავედრე. ეს რომ ესმა ეპისკოპოსს, შეწუხდა და ტირილით მიუგო: მოკვდა ის ჭაბუკი, მოციქულო. წმინდა იოანემ ჰკითხა: რომელი სიკვდილით მოკვდა? ეპისკოპოსმა უპასუხა: სულით მოკვდა, რადგან გაირყვნა ბოროტთან კავშირით. ასევე სულიერად დაეცნენ საქართველოშიც ახალგაზრდები, ნიჭიერნი, ახოვანნი, გამორჩეულნი ბოროტების მორევში ჩაიძირნენ. ქვეყნის იდეოლოგიაც აცდენილი იყო სულიერებას, ამიტომაც გურამ დოჩანაშვილი ახსენებდა მოყვასს, რომ ადამიანს მოეკითხება თავისი ცხოვრების წესის გამო.
სული ბუნებითად ღვთაებრივი და უკვდავია, მისი დიდებულება განუსაზღვრელია, ერთი ცალკე აღებული სული უფრო დიდია, ვიდრე მთელი ხილული სამყარო, რომელიც ნივთიერი და წარმავალია. სახარება მათესი თავი VI - 25 - 30. „ამისთვის გეტყვით თქვენ: ნუ ზრუნავთ სულისა თქვენისათვის, რაი სჭამოთ და რაი სვათ, ნუცა ხორცთა თქვენთათვის, რაი შეიმოსოთ. ანუ არა სული უფროის არს საზრდელისა და გვამი სამოსელისა?
მიხედეთ ფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა. და მამათა თქვენი ზეცათაი ზრდის მათ, არამედ თქვენ უფროის უმჯობეს ხართა მფრინველთა?
ანუ ვინმე თქვენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თვისა წყრთა ერთ?
და სამოსელისათვის რაისა ზრუნავთ? განიცადეთ შროშანნი ველისანი ვითარ იგი აღორძინდების!
ხოლო გეტყვით თქვენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი.
უკეთუ თივაი იგი ველისანი, რომელი დღეს არს და ხვალ თორნესა შთაეგზნის, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არა - მე უფროის თქვენ მცირედ მორწმუნენო».
ალბათ, მწერალს სურს, ამ სახარებისეული საკითხავიდან გამოტანილი დასკვნით რომანში გვამცნოს, რომ შევიმოსოთ სამოსელი პირველით და მივდიოთ ცხოვრების ისეთ წესს, რომ მოვიპოვოთ არა ცხოვრების გარეგნული კეთილდღეობა, არამედ ცათა სასუფეველი, რომელიც ჩვენი ცხოვრების უპირველესი მიზანი უნდა გახდეს. მწერალი გვიქადაგებს, რომ ჩვენ, ქრისტიანებმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ავასრულოთ ჩვენი მოვალეობანი, ვიყოთ პატიოსანნი, მართალნი, კეთილნი.
ქრისტიანული რელიგიის მიზანი ადამიანის სულიერი ფერისცვალებაა, რომელიც ღვთის მადლით და მორწმუნის პირადი გმირობით მიიღწევა. რაც უფრო წმინდაა ადამიანის გული, მით უფრო ფართოა სულიერი შემეცნების ფარგლები. ადამიანი უნდა იყოს სულით მდიდარი, მშვიდი. მდიდარი ისაა, ვისაც სულის სიმშვიდე აქვს.
და ბოლოს, შეიძლება დავასკვნათ, რომ „სამოსელი პირველი“ - ეს არის პირველი სამოსელი კაცისა, რომელსაც უნდა უფრთხილდებოდეს ყოველი ადამიანი, რადგან უბიწო სული მსუბუქია და ადვილად დაიმკვიდრებს სასუფეველს. სულიერად ცხოვრება - ეს უპირველესი საზრუნავია კაცისა. როგორც ვხედავთ, მწერალი გურამ დოჩანაშვილი აგრძელებს რუსთაველისა და გურამიშვილის ტრადიციებს და რომანსაც სწორედ უმნიშვნელოვანესი სათაური შეურჩია, დამაფიქრებელი და არდასავიწყებელი.