Etenders.ge-ს შესყიდვების ელექტრონული სისტემა წარმატებით ფუნქციონირებს 2015 წლიდან. ეს არის კომპანიის მიერ შექმნილი პირველი პროდუქტი, რომელიც დღესდღეისობით ვებ-სივრცეში განთავსებულია მისი მეორე ვერსიის სახით.
წინამდებარე სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ შეგიძლიათ ამ სისტემის გამოყენება.
Etenders.ge-ს შესყიდვების ელექტრონული სისტემა დაგეხმარებით მაშინ, როდესაც თქვენ ეძებთ ბიზნეს პარტნიორს, რომლისგანაც განახორციელებთ პროდუქციის/მომსახურების ერთ, ან მრავალჯერად შესყიდვას.
პროცესი Etenders.ge-ზე იწყება იმით, რომ თქვენს მიერ შესყიდვების ელექტრონულ სიტემაში იდება შესაბამისი სატენდერო განაცხადი (ტენდერი), რომლის გამოქვეყნებისთანავე Etenders.ge ატყობინებს შესაბამის სფეროში მოღვაწე კომპანიებს თქვენი განაცხადის შესახებ. ზემოაღნიშნულ ქმედებებზე საპასუხოდ, დაინტერესებული კომპანიები მოგაწვდიან წინადადებებს, რომელთაგან თქვენს მიერ განხორციელდება თქვენთვის ოპტიმალურის შერჩევა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესის ინიცირება.
ბუნებრივია, თქვენი სატენდერო განაცხადი საჭიროა აღწერდეს, თუ რა ტიპის ბიზნეს პარტნიორს ეძებთ ან რა პროდუქციის/მომსახურების შესყიდვა გსურთ - რაც უფრო დეტალურია თქვენი სპეციფიკაციები, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ შემოთავაზებული წინადადებები ზუსტად მოდიოდეს შესაბამისობაში თქვენს საჭიროებასთან.
სატენდერო განაცხადის Etenders.ge-ზე განთავსებისათვის, საჭიროა, რომ თქვენ შეხვიდეთ სისტემაში თქვენი ელექტრონული ფოსტის და პაროლის მითითებით, დააჭიროთ ღილაკს „შესყიდვის გამოცხადება“ და მიჰყვეთ სისტემაში ინტეგრირებულ სტანდარტულ ველებს, რომელთანაც ასევე განთავსებულია შესაბამისი ველის გამოყენების მოკლე ინსტრუქცია. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ხართ რეგისტრირებული Etenders.ge-ზე, თქვენ შეგიძლიათ უფასოდ და მარტივად გაიაროთ რეგისტრაცია ამ ბმულის გამოყენებით.
ტენდერის ტიპის სწორად შერჩევა დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, მათ შორის, შესყიდვის ობიექტზე, გასაფორმებელი ხელშეკრულების ტიპზე და თქვენს კომპანიაში დანერგილ შესყიდვის ჩატარების წესებზე.
გამომდინარე განსხვავებული საჭიროებებიდან, Etenders.ge მაქსიმალურად მოქნილია. ჩვენს სისტემაში ინტეგრირებულია განსხვავებული ტიპის ტენდერი და შესყიდვის ელექტრონული პროცედურა. ქვემოთ მოყვანილია ჩვენი პროცედურების მოკლე აღწერა:
• განცხადების გამოქვეყნებისას, თქვენი სატენდერო განაცხადი თავსდება Etenders.ge-ს შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში, ხოლო წინადადებების მიღება ხორცილდება სისტემის გვერდის ავლით. მაგალითად, სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენ გსურდეთ შეთავაზებების მიღება ქაღალდის ფორმით ან ელექტრონული ფოსტის თუ ტელეფონის საშუალებით.
განცხადებისგან განსხვავებით, სისტემაში ინტეგრირებული ელექტრონული პროცედურები, გულისხმობენ არა მხოლოდ სატენდერო განაცხადის Etenders.ge-ზე გამოქვეყნებას, არამედ i) თქვენი პოტენციური ბიზნეს პარტნიორების მხრიდან წინადადებების სისტემის გამოყენებით, ელექტრონული ფორმით წარდგენას (eSubmission), ii) წინადადებების წარდგენის შემდეგ კომუნიკაციის სისტემურად წარმოებას (მაგალითად, წინადადებების დაზუსტების ეტაპზე) და iii) ტენდერთან დაკავშირებული, სისტემაში ატვირთული დოკუმენტაციის Etenders.ge-ზე ხუთი წლის ვადით არქივირებას (რაც, ხშირ შემთხვევაში, კომპანიაში გამოიყენება ანგარიშგების მიზნებისათვის).
გარდა ზემოაღნიშნულისა, ტენდერისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი პროცესი შეუძლებელია წარმართულ იქნას ელექტრონული პროცედურის გამოყენების გარეშე. მაგალითად, პრეტენდენტებს შორის ელექტრონული ვაჭრობა შეუძლებელია განცხადების შემთხვევაში და ამისთვის საჭიროა ეგრეთწოდებული რევერსული აუქციონის ჩატარება; წინადადებების ელექტრონული ფორმით მიღება მნიშვნელოვნად უმარტივებს მონაწილეობას უცხოურ კომპანიას.
Etenders.ge-ზე ინტეგრირებულია შემდეგი ტიპის ელექტრონული პროცედურები:
• რევერსული აუქციონი წარმოადგენს პროცედურას, რომლის ფარგლებშიც პოტენციურ მიმწოდებლებს შორის იმართება ელექტრონული ვაჭრობა – მიმწოდებლები ონლაინ რეჟიმში აკლებენ ფასებს და კლებადობის პრინციპით ვაჭრობენ ერთმანეთთან.
ჩვენს სისტემაში ჩაშენებულია ე.წ. ინგლისური ტიპის რევერსული აუქციონი, რომელიც ფუნქციონირებს შემდეგნაირად: პრეტენდენტები წარადგენენ მათ სატენდერო წინადადებებს Etenders.ge–ს საშუალებით რევერსული აუქციონის მსვლელობის ეტაპზე „წინადადებების მიღება დაწყებულია“. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ განსაზღვრულ დროს მთავრდება წინადადებების მიღება და იწყება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპი „მიმდინარეობს ვაჭრობა“. აღნიშნული ეტაპის საწყისი ხანგრძლივობა შეადგენს 15 წუთს, ხოლო მსვლელობის უკანასკნელი ორი წუთის განმავლობაში აუქციონის დარჩენილი დრო გახანგრძლივდება და დაბრუნდება ორ წუთზე, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პრეტენდენტი ფასის კლების შედეგად დააფიქსირებს მის რომელიმე კონკურენტზე დაბალ ფასს. აუქციონის მსვლელობისას, შესაძლებელია როგორც კონკურენტზე დაბალი, ასევე მაღალი ფასის დაფიქსირება.
როგორც წესი, რევერსული აუქციონი გამოიყენება მაშინ, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია დეტალურად აღწერს შესყიდვის ობიექტს და, შესაბამისად, პოტენციურ მიმწოდებლებს შორის წარიმართება ფასით ვაჭრობა, მსგავსი/ეკვივალენტური პროდუქციის/მომსახურების შეთავაზების ფარგლებში.
• ღია ტენდერი ერთი კონვერტის პრინციპით გულისხმობს თქვენი სატენდერო განაცხადით დაინტერესებული მიმწოდებლების მხრიდან წინადადებების წარდგენას ერთიანად, ეგრეთწოდებული ერთი „ელექტრონული კონვერტით“, ფაილების Etenders.ge-ზე ატვირთვით ტენდერის მსვლელობის ეტაპზე "წინადადებების მიღება დაწყებულია".
როგორც წესი, ეს არის სტანდარტული შემთხვევა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი თანამშრომლები არ არიან ვალდებულები, შეაფასონ ჯერ ტექნიკური წინადადებები ფინანსური წინადადებების (ფასების) ცოდნის გარეშე. შესაბამისად, თუ თქვენ აცხადებთ ტენდერს ერთი კონვერტის პრინციპით, მიმწოდებლის მიერ Etenders.ge-ზე ატვირთული როგორც ტექნიკური (მაგალითად, შემოთავაზებული ობიექტის ტექნიკური პარამეტრები), ასევე ფინანსური წინადადება (მაგალითად, ხარჯთაღრიცხვა) ხდება თქვენთვის ერთიანად ხელმისაწვდომი/ხილვადი თქვენი ელექტრონული ტენდერის შედეგების ველში, როგორც კი დასრულდება წინადადებების წარდგენისათვის განსაზღვრული დრო.
• ღია ტენდერი ორი კონვერტის პრინციპით, გამოიყენება, უპირველეს ყოვლისა, მაშინ, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია (შიდაორგანიზაციული წესებით) ვალდებულია, ჯერ შეაფასოს ტექნიკური წინადადებები, ხოლო შემდეგ გაითვალისწინოს ფინანსური წინადადებები (ფასები) ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი წინადადების შერჩევისათვის.
როგორც წესი, აღნიშნულ პროცედურას იყენებენ საერთაშორისო ორგანიზაციები (ორგანიზაციებში მოქმედი წესებიდან გამომდინარე), ან როდესაც შესყიდვა ხორციელდება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების სახსრებით და როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას ამა თუ იმ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებული წესები.
• პრეკვალიფიკაციის მოდული გაძლევთ საშუალებას, მოახდინოთ კვალიფიციური მიმწოდებლების შერჩევა, მათთვის შესყიდვის პროცესის შემდგომი ეტაპის წარმართვისათვის. პრეკვალიფიკაციის შემდგომ ეტაპს, როგორც წესი, განეკუთვნება (ერთი, ან რამდენიმე) შეზღუდული პროცედურის ტიპის ტენდერი.
შეზღუდული პროცედურის სახით თქვენ შეგიძლიათ გამოაცხადოთ როგორც რევერსული აუქციონი, ასევე ტენდერი ერთი კონვერტის პრინციპით და ტენდერი ორი კონვერტის პრინციპით. შეზღუდული პროცედურის შემთხვევაში, წინადადებების წარდგენის საშუალება ეძლევათ მხოლოდ თქვენს მიერ წინასწარ შერჩეულ და ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულ კომპანიებს.
ტექნიკურად, შეზღუდული პროცედურის სისტემაში გამოცხადება ხდება შემდეგნაირად: ნებისმიერი ტიპის ელექტრონული ტენდერის გამოცხადებისას, სისტემის შესაბამისი ველების საშუალებით, თქვენ ახდენთ იმ მიმწოდებლების მონიშვნას, რომელთაც სისტემა მისცემს წვდომას თქვენი ტენდერის დეტალებზე და მისცემს წინადადებების წარდგენის საშუალებას. წინაპირობას განეკუთვნება მხოლოდ ის, რომ პრეტენდენტი, რომელსაც მიეცემა შეზღუდულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება, საჭიროა იყოს რეგისტრირებული Etenders.ge-ზე.
შეზღუდული პროცედურის ანალოგიურად, Etenders.ge-ს შესყიდვების ელექტრონული სისტემის ერთ-ერთ ოპციას წარმოადგენს ანონიმური ტენდერი, რომლის დროსაც შემსყიდველ ორგანიზაციას (გარკვეული მიზეზების გამო) არ სურს, რომ პრეტენდენტებმა დაინახონ მისი, როგორ ტენდერის გამომცხადებლის ვინაობა. აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომია შესაბამისი ელექტრონული ტენდერის გამოცხადებისას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ვინაობა სისტემაში გაიხსნება მხოლოდ იმ კომპანიებისათვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს თქვენს მიერ გამოცხადებულ ანონიმურ ტენდერში, მას მერე რაც დასრულდება ტენდერის მიმდინარეობა.
Etenders.ge-ზე ინტეგრირებული ტენდერის ტიპების გამოყენებით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გააფორმოთ როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი მიწოდების ხელშეკრულებები.
მაგალითად, თუ თქვენ გეგმავთ ერთჯერადად შეისყიდოთ გარკვეული პროდუქცია, ან ფიქრობთ, შეარჩიოთ მხოლოდ ერთი კომპანია პერიოდული მიწოდებებისათვის, მაშინ, იდეალურ შემთხვევაში, საკმარისია ერთი ტენდერის გამოცხადება, რომლის საშუალებითაც თქვენ მიიღებთ დაინტერესებული კომპანიების წინადადებებს ერთჯერადი მოწოდების შესახებ (ტენდერის ტიპებისათვის გთხოვთ იხილოთ ჩვენი განმარტებები მაღლა).
წარმოსადგენია ასევე გარემოება, როდესაც თქვენ გსურთ წინასწარ შეარჩიოთ რამდენიმე კვალიფიციური მიმწოდებელი კომპანია და მოახდინოთ პერიოდული შესყიდვები იმ კომპანიისაგან, რომელიც შესყიდვის საჭიროების მომენტში წარმოადგენს საუკეთესო პირობებს (მაგალითად ფასს). ასეთ შემთხვევაში, პიველ ეტაპზე, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ პრეკვალიფიკაციის მოდული კვალიფიციური და სანდო კომპანიების წინასწარი შერჩევის მიზნით. შესყიდვის საჭიროების დადგომისას, მეორე ეტაპზე, თქვენს შეგიძლიათ გამოუცხადოთ პრეკვალიფიცირებულ მიმწოდებლებს ეგრეთწოდებული call off პროცედურა, რომელიც გამოავლენს პრეკვალიფიცირებულებს შორის საუკეთესოს. ჩვენს სისტემაში, call off პროცედურის ჩატარება გულისხმობს ამა თუ იმ ტიპის ტენდერის შეზღუდული პროცედურის სახით ჩატარებას.
Etenders.ge-ზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა დამოკიდებულია იმაზე თუ რა ტიპის ტენდერია ეს. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერი გამოცხადებულია განცხადების სახით, წინადადების წარდგენა ხორციელდება Etenders.ge-ს გვერდის ავლით (შემსყიდველის სურვილიდან გამომდინარე). ამიტომ, განცხადების შემთხვევაში, როგორც წესი, სატენდერო პირობებში მითითებულია თუ რა ფორმით უნდა გაკეთდეს შეთავაზებები.
ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა, რომ თქვენ დარეგისტრირდეთ Etenders.ge–ზე (თუ ჯერ არ ხარ რეგისტრირებული) და თქვენი ელ. ფოსტის და პაროლის მითითებით შეხვიდეთ სისტემაში. ტენდერის მიმდინარეობის სტატუსზე "წინადადების მიღება დაწყებულია", ტენდერის დეტალებში, ღილაკ "მონაწილეობის მიღება"–ზე დაჭერით, თქვენ გეძლევათ საშუალება, ფაილების სახით სისტემაში ატვირთოთ თქვენი სატენდერო წინადადება.
მანამ, სანამ ტენდერში დასრულდება წინადადებების წარდგენა, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, შეცვალოთ წინადადება არაერთხელ, რაც არ საჭიროებს თქვენი მხრიდან დამატებითი ხარჯების გაღებას. სატენდერო წინადადების შეცვლისათვის გადადით ტენდერის დეტალებში და დააჭირეთ ღილაკს „რედაქტირება“.
ღილაკ „განაცხადის გაუქმება“–ზე დაჭერით, თქვენი სატენდერო წინადადება წაიშლება სისტემიდან. გაითვალისწინეთ, რომ განაცხადის გაუქმების შემთხვევაში თქვენ არ გიბრუნდებათ თქვენს მიერ გადახდილი წინადადების წარდგენის საფასური.
Etenders.ge-ს გააჩნია როგორც სისტემის მოხმარების სახელმძღვანელო, ასევე მუდმივმოქმედი ცხელი ხაზი, რომელიც ყოველთვის მზად არის გასცეს პასუხი თქვენს შეკითხვებს.
გისურვებთ წარმატებებს!