ოთარაანთ ქვრივი - ილია ჭავჭავაძე (ჯავრი დედისა) - ქართული პროზა ბლოკჩეინზე

Words
991
Reading
5 min
Listen
Play
8y

ოთარაანთ ქვრივი

ჯავრი დედისა

გიორგი ოც-და-ერთის წლის ვაჟიკაცი იყო და ცოლის შერთვა ფიქრადაც არ მოსდიოდა. ოთარაანთ ქვრივი ამაზედ ძალიან ჰნაღვლობდა და სწუხდა.

— რა ვუყო?.. — ჰფიქრობდა ხოლმე, — ცოლ-ქმრობის საქმე ცაში ჰრიგდებაო. სჩანს ღმერთს ჯერ არ მოუწადინებია. დრო კი უწერს: მაგ ხნის ბიჭებს შვილებიცა ჰყავთ. ოი, ერთი მაგის შვილი კი გამიგორა კალთაში და თუნდა მაშინვე გულ-ხელი დამიკრიბონ და ცოცხალი დამმარხონ.

ეს ხომ აწუხებდა და აწუხებდა, ამ მწუხარებას ერთი სხვა ნაღველიც ზედ დაემატა. ოთარაანთ ქვრივი ამ ბოლოს ხანებში ჰხედავდა, რომ შვილს გუნება ეცვალა, უფრო დაიღვრიმა, უფრო გული დაიხურა, უფრო ჩაიკეტა, უფრო დანაღვლიანდა. ხომ არც წინად იყო მხიარულის გუნებისა, მაგრამ ეხლა მეტის-მეტია, თითქო რაღაც წაჰკიდებია და თქმა ეკრძალებაო.

მოვიდოდა შინ მუშაობიდამ კარგა ბინდისას და, თუ მთვარიანი ღამე იყო, წამოწვებოდა ეზოში მწვანეზედ, თავ-ქვეშ ორსავ ხელებს ამოიდებდა და გარინდებული იდო ხოლმე მთელის საათობით გულაღმა. შეჰყურებდა ცას და ღრუბლებს, თითქო ვარსკვლავებსა სთვლისო, ან ღრუბლებს თვალს ადევნებს თავის გასართობლადაო. რა მოერია, რამ სძლია, რამ დაუღონა შვილი — დედას ვერ გაეგო.

— შვილო, შინ შემოდი, ნამუშავარი ხარ, დედამიწამ არ დაგცადოს, — უთხრა ერთხელ დედამა.

— არა მიშავს რა, დედი! ცოტა ხანს კიდევ მამყოფე ასე, დედა-შვილობას.

— ძილის დროა, შვილო! ლამის ალიონი ამოვიდეს...

— ეჰ, დედი!.. ზოგჯერ ძილიც ძილი არ არის...

— რატომ, შვილო? — იკითხა დედამ და გასწია შვილისაკენ. თავს რომ წაადგა, უთხრა:

— გიორგი!.. შვილო!.. არ მეტყვი, ბიჭო, რა წაგეკიდა? დედა ვარ შენი, დედა... ნაღველი გაქვს რაღაცა და არ მეუბნები.

გიორგი წამოჯდა.

— არა, დედიჯან! ასე მიყვარს მთვარიან ღამეში გდება.

— ეს ორი წელიწადია, რაც ეგრე დაიჩემე. რატომ ადრე არ იცოდი?

— განა კაცი სულ ერთს გუნებაზეა! მაშინ ისე ვიყავ, ეხლა ასე ვარ. დრო იყო ძუძუსა ვწოვდი, დრო მოვიდა — გამომცხვარ პურსა ვჭამ. ამით მითამ რაო?

— ისაო, შვილო, რომ ზოგი ჩემს გულშიაც ჩამოიხედე.

— ჩამიხედნია, დედი, ჩამიხედნია და ვიცი, რომ შიგ მარტო მე გიზივარ...

— მაგას არ გეუბნები... იმდღევანდელი არ იყოს!..

— რა იმდღევანდელი?

— აი, საბარავად რომ იყავი ვენახში. მე ჯერი ჩამოგიტანე. შენ ვაზებში გიპოვე: მხარი დაგებჯინა ბარის ტარზედ, ბარის ტარს დაჰყუდებოდი და გაშტერებული დასცქეროდი დედამიწას ელდანაცემსავით. რა ამბავი იყო? მაშინ არა გკითხე-რა, აქ კი დავიჭდიე, აქ.

ოთარაანთ ქვრივმა გულის-ფიცარზედ დაიდო ხელი.

— წაშალე ნაჭდევი, ტყუილად გარჯილხარ. რა ამბავი იქნებოდა?! დავიღალე და ხელ-ფეხს ქარი ამოვაღებინე, — უთხრა შვილმა.

— შენი ფიქრი სადა ჰქროდა, რომ ვერც კი გამიგე, როგორ მოგივედი, ისე სმენა-დახშული და გონება-გაქცეული იდექი. განა ერთხელ და ორჯელ მინახვიხარ: ჰმუშაობ, ჰმუშაობ და უცებ გაირინდები ხოლმე. განა ერთხელ და ორჯელ მინახვიხარ: სადილ ვახშამზე ლუკმა პირში ჩაგიდვია, ყბაც არ მოგიქნევია, განაბულხარ, თითქო სადილიდამ წაგიღო რამემ, კლდის პირას დაგაყენა და ხელის კვრას გიპირობსო.

— ეგეც დრომ იცის, დედი!

— სხვამ არაფერმა?

— იქნება სხვამაც...

— ჯადომაც იცის, შვილო ჯადომაც...

გიორგის გულში მოხვდა ეს უკანასკნელი სიტყვა. აიტკიცა, ეჯავრა. კარგადაც ვერ მიეგნო, — რად უხსენა დედამ ჯადო. გუმანმა კი წაიღო, გუმანმა აიყოლია მისი გონება.

— ჯადო რა მოსატანი იყო? — ჰფიქრობდა გიორგი თავისთავად, — ვაი, თუ...

ვერ დაასრულა სათქმელი. სიტყვა შეეკრა, თითქო ელდა ეცაო, რომ გულიდამ კლიტე აჰგლიჯეს, კარი გაუღეს და შიგ ჩაჰხედეს.

გაიქნია უმადურად თავი, წამოდგა ფეხზედ, დედას ტკბილად მოჰკიდა მკლავზედ ხელი და უთხრა:

— წავიდეთ, ეხლა კი ძილის დროა. „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობაო“, შენგან გამიგონია, დედი!

— „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგანაო“, მაშ ესეც გაიგონე, ჩემო კარგო! — უთხრა დედამ.

— რა ვქნა, — ჰფიქრობდა გულში გიორგი, — რატომ ეგრე ახლო მიმივიდა? ცოდნით მოსდის, თუ ალალბედობით? თითონ ჰტრიალებს ახლოზედ, თუ ჩემს გუმანს მოაქვს იმისი სიტყვა შორიდამ ახლოს. გაცლაო!.. თქმა ადვილია!..

იმ ღამეს ოთარაანთ ქვრივს დილამდე ძილი არ მიჰკარებია. იმ დღის ნალაპარაკევმა ათასნაირს ფიქრის მორევში ატრიალა ნაფოტსავით იმისი ჭკუა და გონება.

— პაჭიჭს კი, მგონი, წვერი შემოერღვა, — სთქვა თავისთავად ბოლოს, — მგონი, მივკვლიე: დროც ერჩის და ხანიც უწერს. რატომღა არ მეუბნება, ვინ არის?

ეხლა ამას სწუხდა, ამას მტკივნეულობდა დედა.

— არ უჭირს და იმიტომ, — ინუგეშა თავი ოთარაანთ ქვრივმა, — როცა გაუჭირდება, მეტყვის.

მოხუჭა თვალი ქვრივმა. არ დაეძინა. გადაბრუნდა ხან იქით, ხან აქეთ, ძილი არ მიეკარა.

ღამე კი არ უცდიდა, თავის გზას ეშურებოდა.

— მართლა კი მივუხვდი?.. მართლა კი მივკვლიე?.. — ეჭვობდა გიორგის დედა, — იქნება გუმანმა დამიბრიყვა და მატყუებს. რა ვიცი?.. ადამიანის გული თვალთუწვდენი ორმოა. ვინ იცის?.. იქნება მე ერთი მგონია, იქ კი სულ სხვა ამბავია... სხვა რა უნდა იყოს, რა?.. — ჰკითხავდა თავისთავს და გული უკვნესოდა, რომ პასუხი ვერ ეპოვნა.

ღამე კი მიდიოდა და მიდიოდა. დიდ-ვახშმობას გადასცილდა. ხმაურობა მისწყდა, მარტო კუთხეში, პურის კიდობანთან, თაგვი აფხაკუნებდა.

— სხვა რა უნდა იყოს, რა!.. — იძახდა ძილდამფრთხალი ოთარაანთ ქვრივი, — თუ გამტეხავს, ამის ნაღველი გამტეხავს... არ გამენდო... არ მეუბნება ჩემი გიორგი და არა... თუ გული შევარდნია ვისზედმე, რად უნდა მიმალავდეს! რა დასამალავია ჩემთან!... და თუ სხვა რამ ასტეხია... ღმერთო, ნუ მაფიქრებინებ...

გადიწერა სამჯერ პირჯვარი, თითქო ლანდი რამ მოელანდა და იმას იგერებსო.

გვიანი მთვარე კი მთის წვერზედ შედგა და პირიქით გადაქანებას აპირებს. აგერ გადაექანა კიდეც და ჩავიდა. ღამე მიიწურა. უფრო დაბნელდა, ქვეყანა უფრო გაჩუმდა, უფრო გამუნჯდა, ხოლო თაგვი ისევ ცოდვილობდა კიდობანთან.

— ამ ორის წლის წინად თოფ-იარაღი აისხა ზედ, — ვენაცვალე იმის სიყმეს! უხდებოდა მამისეული, — წავიდა და სამი დღე შინ აღარ დაბრუნებულა. მე, სულელს, მაშინ ეს გუნებაშიც არ გამიტარებია. ეხლა კი მაღონებს და გულთა მკბენს... სანადიროდ ვიყავიო, მითხრა. თუ სანადიროდ იყო, ხელცარიელი რად მოვიდა? მერე ყვირილობაც იყო... თავის დღეში ხელცარიელი არ მინახავს ნადირობიდამ დაბრუნებული. იმ ცხონებულს არ ჩამოუვარდება. თუ მეტი არა, მამაზედ ნაკლები არც ეს არის... მას აქეთ დაიგდო ნაღველმა. მე კი ესე დამახსოვდა-და!.. მას აქეთ დააწვა რაღაც ლოდი გულზედ და ვეღარ აუხსნია... ხომ კაცი... ღმერთო, ნუ მაფიქრებინებ, ღმერთო, ცა-მრგვლის გამჩენო! რა ვიცი?.. ამ ტიალ წუთის-სოფელში ფათერაკი-ბევრია... ღმერთო, მაშორე, ფუ, ეშმაკსა და იმის თავსა და ტანსა!..

შეაფურთხა ეშმაკს და გადიწერა კიდევ სამჯერ პირჯვარი შეშინებულმა დედამ. ფიქრი კი მაინც ერჩოდა, ეჭიდებოდა.

ამოვიდა ალიონიც. ღამემ დღეს კარი დაურაკუნა.

რაკი ამისთანა ფიქრმა ერთხელ გული ამოუფრთხო ბუდიდამ, უძილობისაგან გალახულმა, ფიქრის ჭიდილში მოქანცულმა ოთარაანთ ქვრივმა თავი ვეღარ დაუჭირა გულს, ვეღარ დაიწყნარა, ვეღარ დაიმორჩილა.

— ღმერთო, მიხსენ! — იძახდა ღონემიხდილსავით და ერთს ავს ფიქრს რომ აიცილებდა, ახლა უფრო უარესს წააწყდებოდა. ფიქრი ლანდად გადაექცა.

ღამე გამოეთხოვა ქვეყანას. ერთი კალთა ცისა აიხადა. გარიჟრაჟდა. მტრედისფერმა გადაჰკრა ცის გუმბათსა. დილამ კარი გაუღო დღეს და გამოახედა.

ოთარაანთ ქვრივიც მოჰღალა ფიქრმა... თვლემა მოერია, ღვიძილი ძილად ექცა და ცხადი — სიზმრად. სჩანს ამ ფიქრების ზარი ძილშიაც ჩაჰყვა, რომ მძინარემ რამდენჯერმე წამოიძახა:

— ღმერთო, მიხსენ! ღმერთო, მიხსენ!