ოთარაანთ ქვრივი - ილია ჭავჭავაძე (პილპილ-მოყრილი მადლი) - ქართული პროზა ბლოკჩეინზე
ოთარაანთ ქვრივი
პილპილ-მოყრილი მადლი
მართლა ასე იყო თუ არა, — ეს უნდა ეკითხოს ერთს სხვა ქვრივს დედაკაცსა, რომელიც სოფლის მეორე ნაპირას იდგა და მეტად წვრილ-შვილიანი იყო. ეს დედაკაცი ცოტა უხეირო, უნდილი რამ იყო, გარჯა ეზარებოდა და წვრილ-შვილი ნახევარზედ მშიერ-მწყურვალი ჰყვანდა. ოთარაანთ ქვრივი ყოველ კვირა დღეს ერთ ათიოდ შოთს და ერთ ბადია კორკოტს თავის ფეხით გადაუტანდა ხოლმე.
— აჰა, ხეთქეო, — ეტყოდა ხოლმე დედაკაცსა, — დაგიღია ეგ შავის მიწით ამოსავსები პირი. შე პირშაო, შენა, და შენი დღენი ძაღლსავით სხვას შეჰყურებ, აგერ გამოხრულს ძვალს გადმომიგდებენო. შე არ-დასაცალებელო, რისთვის მოუცია ღმერთს ეგ ბარძაყის ოდენა მკლავები!.. დახე, დახე, ამ წუწკსა, წუწკის შვილსა, სამგლე გოჭსავით გათხვირულა, ლუკმა-პურის შოვნის უნარი კი არა აქვს. რა კარგი დაეყრებათ ამ შენს ცოდვის შვილებსა! შენი მაყურებლები შენგან აბა რა კარგს ისწავლიან! ესენი მაინც არ გეცოდება, შე უბედურის დღისავ!..
დედაკაცი, ამისთანაების ჩვეული, მაინც მადლობას ეტყოდა ხოლმე.
— მადლობა!.. შენთვის მაგრად შეინახე, ძონძებში გამოიკარ, არ დაგეკარგოს... დიდი განძია ეგ შენი მჭლე მადლობა ოთარაანთ ქვრივისათვის, ო შენმა მზემ! ეგრე ხელგაშლით რად იხარჯები. აი, მეხი კი დაგაყარე! მადლობა!.. კარგია — მუქთაა თორემ მაგასაც ხომ ვერ იშოვიდი, რომ გარჯით საშოვარი იყოს. მადლობა!.. ეგ შენი მადლობა გინდა გახიე, გინდა გაფხრიწე...
გლახა-მათხოვარი ისე არ მიადგებოდა კარს, რომ ოთარაანთ ქვრივს რითიმე არ გაეკითხა, მაგრამ თავისებურად კი წამოულაგებდა.
— ი... ი... ი... შენ კი მოგიკვდა ეგ უხეირო თავი, — მიაყოლებდა ხოლმე, როცა გასაკითხს აწვდიდა, — დაგიბრიყვებია ჩემისთანა სულელი დედაკაცები და ლუკმა-პურს პირიდამ აცლი. აი, მეხი კი დაგაყარე მაგ ქეციან თავზედ. შე ოხერო, რომ აგიღია თავი და დაეხეტები სათხოვრად, ნამუსი აღარა გაქვს? ამ წუთის-სოფელში ვისა აქვს მეტი ლუკმა, რომ შენც გაძლიოს. ვერა ჰხედავ, შე გულმკვდარო, რომ ვინც კია, წელებზედ ფეხს იდგამს და დღის სარჩოს ძლივსა ჰშოულობს და შენ როგორღა გარჩინოს. ქვეყნისა არა გრცხვენიან! არა, შე ოყრაყო, ოთარაანთ ქვრივი დედაა შენი, მამაა, თუ შენი მოვალეა, რომ შეგინახოს! აი გაგიხმეს ეგ ხელ-ფეხი რისთვის გასხია ეგენი მაგ მუტრუკს ტანზედ, თუ ვერ მოგიხმარებია? ქვეყანას თავისი თავი კი შეუნახავს, რომ ეგ შენი ბრიყვი თავიც ინახოს? ფუ, შენს ნამუსსა!..
თუ მეტად შესაბრალისი და ღონემიხდილი გლახა შეხვდებოდა, ამაებს ხომ ეტყოდა და ეტყოდა და ბოლოს დაუმატებდა:
— წამოეთრიე ერთი მარანში, ღვინოს ჩაგაცეცხლებ. ნუ გეგონოს კი, რომ მადლს გიშვრებოდე რასმე. აი, გაქრეს, — ოთარაანთ ქვრივმა შენთვის არა გამოიმეტოს-რა. აი, ქვევრში რაღაც წუმპე ნაძირალა დამრჩა, მაინც გადასაღვრელია და ბარემ შენ ჩასცეცხლო.
წაიყვანდა, ერთ ორიოდ ჩარექას კაი ღვინოს გადაახუხებდა და გამოისტუმრებდა თავისებურად ქება-დიდებით.
ერთხელ ერთი მთხოვარა მიადგა კარს. ოთარაანთ ქვრივმა გამოუტანა გასაკითხად ერთი უშველებელი შოთი, რასაკვირველია — თავისებური პილპილიც მოაყარა ზედ: კარგად, ლაზათიანად გამოგილანძღათ. როცა მთხოვარა გაბრუნდა, მაშინ შეასწრო თვალი, რომ ფეხები დაჰხეთქოდა ფეხუცმელობით.
— დამაცა, შე არ-დასაცალებელო, — დაუძახა მთხოვარას.
მთხოვარა გაჩერდა. ოთარაანთ ქვრივი შევარდა სახლში, იღლიას ქვეშ ამოიჩარა ექვსი შოთი, მოვიდა მთხოვარასთან და დაუყვირა:
— მე გამომყევ, შე ადრე და მალე დასამარხავო!
გაოცებული მთხოვარა გაჰყვა, ოთარაანთ ქვრივი გავიდა სოფლის ბაზარში, ერთი შოლტი საქალამნე ღორის ტყავი გადმოაღებინა მედუქნეს, ექვსი პური მისცა, ტყავი გამოართვა და ისე მიახალა თავში მთხოვარას, რომ საწყალმა თვალებზედ ხელი მიიფარა, ცხვირ-პირში არ მომხვდესო.
— აჰა, შე არ-დასარჩენო, ამოისხი და ჩაიცვი. იქნება ამოსხმაც არ იცოდე, შე დასაღუპავო.
— რაო, ოთარაანთ ქვრივო, გემართა მაგისი, თუ რა არის? — ჰკითხა ქოსმანსავით გათხვირულმა მედუქნემ.
— მაშ არა-და, მაგის თავის მზემ, ჩემს თავს პურს დავაკლებდი და მაგის ქალამანში მივცემდი, — იტყუა ოთარაანთ ქვრივმა.