ოთარაანთ ქვრივი - ილია ჭავჭავაძე (ეძახის) - ქართული პროზა ბლოკჩეინზე
ოთარაანთ ქვრივი
ეძახის
შუა-ხანში შესულმა შემოდგომამ ზამთრისაკენ პირი ჰქმნა და ნახევრად-შექცეული ზურგი მთლად შეაქცია ზაფხულსა. ის თბილ-გრილი, ის მშრალ-სველი, ის ციაგ-ლურჯი შემოდგომა, რომელიც ჩვენმა დალოცვილმა ქვეყანამ ასე ტკბილად, ასე ლბილად იცის, მიჰბერდა და ჭაღარა მოერია. მისი ჭაღარა ჭირხლია.
მთა-ბარს, ტყე-მინდორს დილ-დილაობით ჭირხლი ედებოდა და მხოლოდ შუადღის გულზედ მზე პირდაპირ დაჰხედავდა თუ არა, ჭირხლს, ზოგს წყლად ქცეულს, მწყურვალი მიწა სვამდა და ზოგი ორთქლად ცას აჰქონდა და ბამბის ქულასავით თეთრ, ფუნჩულა ღრუბლად აქა-იქ ატარებდა თავის თვალგადუწვდენელს სიგრძე-სიგანეზე, სიღრმე-სიმაღლეზე.
მოვიდა ზამთარი და მოიტანა თოვლი. სწორედ შობის ღამეს ხელახლად მოვიდა დიდი თოვლი და სოფლის გზებსა და ორღობეებში თეთრ უმტვერო სუფრასავით დაეგო და დაეფინა. გლეხკაცობის სახლებს, ჩალით და ზოგან კრამიტით დახურულებს, მძიმედ დაედო თოვლი და ჭუჭყიანი თავსახურავები მოჰრთო თეთრად, თითქო ძალზე გარეცხილი ჩადრები გადააფარაო. კაკლის ხეები ეზოებში და ხილისანი ბაღჩებსა და ბაღებში შეიკუნწლა ახალის თოვლის ქულითა და შავად გაშიშვლებული ტოტები თეთრად გამოლამაზდა. ორღობის ღობეები, ზოგან ჯარჯით, ზოგან წალმით დახურული, სქლად დადებულ თოვლ-ქვეშ ისე სჩანდა, თითქო თეთრი საფარავი აქვთ გადაჭედილი ზემოდამაო.
თოვლი რომ გადიღო, ბევრს ხანს არ გაუვლია, ყინვამ მოუჭირა: აცივდა, აყინდა. ძველს თოვლში შეპარებული სითბო დღისა თოვლიდამ ჯერ კიდევ წყალს აწვეთებდა, მაგრამ ყინვა არ უშვებდა და ყინულად ქცეული ნაწური ჩურჩხელებსავით ეკიდა ხის ტოტებს, ღობეების ნაპირებს, ჩარდახების და ბანების გარეშემო.
ღამე არ იყო ბნელი. ცაზე დროგამოშვებით კაშკაშა მთვარე ხან გამოჰყოფდა ხოლმე ღრუბლებიდამ თავს, ხან ისევ ღრუბლებში გაეხვეოდა, თითქო ღრუბლის ბნელი და მთვარის შუქი ერთმანეთს ეჭიდებიან და ხან ერთია ქვეშ, ხან მეორეო.
სოფელს დიდი ხანია ეძინა იმ გულიანის ძილითა, რომელიც მართლა სასვენია და არა სანებიერებელი. მისწყდა სოფლის ხმაურობა, დღის ჟღივილ-კივილი, მისწყდა ადამიანის ფეხის ხმაც. ახალ მოსულს თოვლს, ყინვა-დაკრულს, არსად არ აჩნდა ნაფეხური ადამიანისა... სოფელს ხმა გაეკმინდა და თითო-ოროლა ადგილას მეტის-მეტად ფრთხილის ძაღლის ყეფა-ღა ისმოდა, ხანდისხან.
ყველას ეძინა, ყველას... ერთის მეტს.
იყო სახლი, საცა იმ ერთს არ ეძინა. ამ სახლში ჰბნელოდა. სანთელი არ ენთო და მარტო კერაში თავხეს სისქე კუნძს ცალ გვერდზედ ცეცხლი ეკიდა და უგემურად ჰბოლავდა. როცა ნაღვერდალმოსხმული გამომწვარი გვერდი ხისა დროგამოშვებით პატარა ენასავით ალს წამოაგდებდა, ერთი მხარე სახლისა პატარა მანძილზედ ცოტა-ხნობით მოჰშუქდებოდა.
კერასთან ცეცხლის შორი-ახლო ძაღლი იწვა. რგვლად გადმოექექნა თბილი ნაცარი, თითონაც გორგალსავით დახვეულ-ჩახვეულიყო, უკანა ფეხები წინ წამოეყარა, წინანი — უკან, თავზედ ბანჯგვლიანი კუდი გადმოეფარა, ცხვირი კუდის ბოლოში წაეყო და ეძინა. ძაღლის გვერდით, ცოტა მოშორებით, ვიღაცა მოხუცებული დედაკაცი კერასთან ცეცხლა-პირასვე იწვა დედამიწაზედ გაშლილ ქვეშაგებში და გულიანად ეძინა. დედაბერის ქვეშაგების გვერდით ტახტი იდგა და ზედ იწვა სნეული, ქვეშაგებად ჩავარდნილი, დამდნარი, მილეული და თითქმის სასიკვდილოდ მიხრწნილი.
ეს იყო ის, რომელსაც მთელს სოფელში არ ეძინა...
— ვინ მეძახის, ვინ!.. — იძახოდა ძილდაკარგული სნეული თავის გულში, თუმცა არსაიდამ კი ხმა და ჩამი-ჩუმი არ იყო. — წადი, წადიო!.. რად იძახის გული? რად მეწევა, რად?
იტრიალა ღონემიხდილმა სნეულმა, იშფოთა...
— მივაღწევ კი!.. — ჰკითხა თავისთავს: — ფეხის გადადგმის ილაჯი აღარა მაქვს... გზაზედ დავეცე სადმე და სული დავლიო, ხომ საძაღლედ გაჰხდა ჩემი ლეში... რად მეძახი, რად!..
შეჰკივლა ეხლა კი ხმამაღლა ვიღაცას კვნესითა და ვაებითა და მაშინვე გადაჰხედა ცეცხლა-პირას მწოლარე ბებერ დედაკაცს, ხომ არ გამოეღვიძა და არ შემიტყოვო.
მარტო ძაღლმა წამოიხედა; პირველში ერთი ყრუდ ყელში წამოიყეფა და რაკი დაინახა პატრონია და სხვა არავინ, წინანდებურად წაჰყო კუდის ბოლოში ცხვირი და არხეინად ისევ ძილს მიეცა.
ბებერს კი ისევ-ისე გულიანად ეძინა.
— სძინავს!.. — სთქვა ისევ ჩუმად სნეულმა. — მეც მალე დავიძინებ... სულთამხუთავი კარს მირაკუნებს. დავიძინებ და, მადლობა ღმერთსა, აღარ გავიღვიძებ... მეყოფა...
ამის თქმაზედ სნეული გაყუჩდა, თითქო რაც სტკიოდა, დაუამდაო.
— კიდევ!.. კიდევ მეძახის!.. დღევანდელ დღეს დაიბადა, დღევანდელ დღეს!.. მოვდივარ, მოვდივარ!..
სთქვა და ქვეშაგებში უღონოდ წამოჯდა. ტანისამოსი იქავ თავით ელაგა. ჩაიცვა თბილი წინდები, თბილი ახალუხი, ზედ გადაიცვა კაბა, მოიხვია თავს შავი შალი, გადმოცოცდა ქვეშაგებიდამ, წაჰყო ქოშებში ფეხი და უღონობამ სძლია: ფეხი წინ ვეღარ წასდგა, დაჰბარბაცდა და ცალის ხელით ქვეშაგებს უკანვე გადაებჯინა, — არ წავიქცეო.
ცოტა ხანს ეგრე ხელდაბჯენილი იდგა გარინდებული. როცა პატარა მოსულიერდა, მისწვდა ჯოხს, ქვეშაგებზედ მიყუდებულს, და ფეხაკრებით გავიდა სახლიდამ. უღონოს სიარულით ეზო გაიარა, ორისავ ხელით წინ წაძღოლილ ჯოხზედ დანდობილმა. ეზოს კარიდამ რომ ავადმყოფმა ფეხი ორღობეში გადმოდგა და დაინახა ახლად მოსული, ფეხუხლებელი თოვლი, სთქვა:
—ჯერ უწმინდური და მურტალი ფეხი ადამიანისა არ მოჰხვედრია და არ გაუცოდვიანებია ეს უცოდველი თოვლი... კიდევ!.. მოვდივარ, მო!..
ფრთხილს ძაღლს პატრონის გარეთ გასვლა არ გამოეპარა. ადგა, ნაცრიანი ბალანი ერთი ორჯელ შეიბღერტა, გაიბობღა, ტანი დაიგრძელა, ჯერ წინა ფეხები დაიჭიმა, მერე — უკანა, გაიზმორა, დაამთქნარა და ზლაზნით გაეკიდა პატრონსა. დერეფანში რომ გავიდა, პატრონი აღარსად სჩანდა. ჩახტა დერეფნიდამ ეზოში, თოვლზედ ახალი ნაფეხური პატრონისა დაჰსუნა და აუჩქარებელის ძუნძულით აედევნა კვალსა.
ბებერმა დედაკაცმა კი ვერ შეუტყო ავადმყოფს გაპარვა. იმას ისევ-ისე გულიანად ეძინა.
რაში ჰგვანდნენ ერთმანეთს მძინარე და წამავალი!
მართალი უთქვამთ: წუთის-სოფელი ზოგისათვის მამაა, ზოგისათვის — მამინაცვალიო.