ქ ა ჯ ა ნ ა - ნიკო ლომოური - ქართული პროზა ბლოკჩეინზე - თავი VII

Words
395
Reading
2 min
Listen
Play
8y

ქართული პროზა

ქ ა ჯ ა ნ ა

ნიკო ლომოური

თავი VII

კავკასიის მთის ერთს მაღალ ტოტზედ, მივარდნილ ციცაბო ადგილას არის გაშენებული პატარა სოფელი, სათაურა. ხანგრძლივი ზამთრისა და სიცივის გამოისობით მინდვრისა თუ ხეხილის მოსავალი ძალიან ღარიბად იცის აქ. ვაზი ხომ სრულებით არა ხეირობს აქეთკენ. სიცივესა და ღვინის უქონლობას არყის ხდისათვის წაუვლებინებია ხელი აქაური მცხოვრებლებისათვის... თავიანთ დიდი, უზარმაზარი ტყეებიდან ჩააქვთ ძირს სოფლებში წნელი, ფიჩხი, შეშა, ხე-ტყე, ყავარი... შოულობენ ამითი თითო-ოროლა გროშსა; ან კიდევ, სცვლიან ყველა ამას პურში, სიმინდში და ღვინოში; მოაქვთ შინ: ზოგსა სჭამენ და სმენ, ზოგსაც არაყად ხდიან... არაყს, მომეტებულად იქვე ადგილობრივა
ჰყიდიან და კაი შემოსავალიც აქვთ აქედან... - თქვენ, იქნება, გაჰკვირდეთ და იკითხოთ: აქვე, იმ მივარდნილ და პატარა, საწყალ სოფელში ვისზედ ჰყიდიან არაყსაო? ამ სოფელს კვლავ, როდისმე, უფრო დაწვრილებით გაგაცნობთ, ჩემო კეთილო! ეხლა კი მხოლოდ თითს მიგიშვერთ ა იმ საყდრისკენ... ხედავთ სოფლის ცოტა ზემოთ მაღალ, კოშკის მსგავს გორაზედ. დიდი დაბურული ხეების ტოტებიდან რომ თეთრი კედელი გამოჩანს?! ეგ გახლავთ წინა კედელი მთელს საქართველოში განთქმული სათაურას წმიდის გიორგის ეკლესიისა, რომელშიაც, როგორც ამბობენ, ასვენია თავის სარქველი მოხსენებული წმინდანისა... გაზაფხულდება თუ არა, დაიძვრის ამის მლოცავი და საქართველოს ყოველი კუთხიდან მოდის აქ შესაწირავი... რაკი თვით ეკლესიასთან ურმით არ შეიძლება ასვლა, ამის გამო ყოველი მლოცავი აყენებს ურემს სოფელში, ჰყრის აქ საქონელსა და თვით ბარგი-ბარხანით მიდის ზემოთკენ... ამ დროს წინ უხვდებიან მათ აქაური მცხოვრებლები და მომეტებულად გოგო-ბიჭები, აჩვენებენ ქათმებს, ყველს. უფრო კი არაყს და იმართება მათ შორის ნამდვილი ქალაქური ვაჭრობა... ამ გარემოებას, ცოტა არ არის, ცუდი გავლენა მოუხდენია სათაურელი გლეხის ზნეობაზედ; მასში გახსნილა ვაჭრული სიცრუე, სხვის მოტყუების სურვილი და ცოტა კრიჟანგობაც... ამას, სამწუხაროდ, ვერ ხედავენ სათაველი გლეხები, ამის გამო მლოცველების მოსვლა ძლიერ სასიამოვნო რამ არის ხოლმე მათთვის... თუ რამდენმამე დღემ გაიარა და მლოცავი არსაიდან არ გამოჩნდა, სათაურელებმა აღარ იციან ხოლმე რა ჰქმნან... მოცლილი გოგო-ბიჭები გადასხდებიან მაღალ ადგილებზედ და გულის ცემით ათვალიერებენ მათკენ მიმავალ გზებს...
ერთს დღეს ამგვარად ისხდნენ ორი აბრანძული, კარგა მოზრდილი გოგო და გადაიცქირებოდნენ გზებისაკენ... ერთმა მათგანმა უცებ ყურები ცქვიტა და წამოხტა ფეხზედ...
- მოდიან, მოდიან ურმითა, - დაიძახა მან და გაჰქანდა შინისაკენ... მეორეც გამოუდგა მას უკან.
მართლა და, საშინლად ამოღმართ გზაზედ გამოჩნდა ნელ-ნელა ზემოთ მომავალი უჩარდახო ურემი... გავიდა რამდენიმე ხანი და ურემი შემოვიდა სოფელში... ვგონებ, თქვენც მიხვდებოდით, ვინც იქნებოდნენ ამ ურემში... კიკოლა გადმოხტა ურმის თავიდან, გამოუშვა საქონელი და ძირს დაშვებული ურმიდგან გადმოვიდნენ მართა, კატო და ქაჯანა... ურემი და საქონელი ერთმა გლეხმა მიიბარა. ბარგი კი რაც რამა ჰქონდათ, აიღეს ხელში, გაიგდეს წინ გზაზედ ნაყიდი, კაი დიდი ცხვარი და ნელ-ნელა გასწიეს ეკლესიისკენ... ამათთანა ღარიბი მლოცავები ვერაფრად იამათ სათაურელებს...

ქ ა ჯ ა ნ ა - ნიკო ლომოური - ქართული პროზა ბლოკჩეინზე - თავი ... | Ecency