ოთარაანთ ქვრივი - ილია ჭავჭავაძე (ორი თვალი) - ქართული პროზა ბლოკჩეინზე

Words
622
Reading
3 min
Listen
Play
8y

ოთარაანთ ქვრივი

ორი თვალი

იმ დღეს, როცა გიორგიმ დააპირა არჩილიანთას წასვლა მოჯამაგირედ დასადგომად, ისეთი მხიარული სახე ჰქონდა, რომ ოთარაანთ ქვრივმა სიამოვნებითა სთქვა:

— ძლივს შუბლგახსნილი არა ვნახე!

სიამოვნებით კი სთქვა?..

ამაზედ ჰოც ითქმის და არაცა. ეს რაღაც „მზიან-ჩრდილიანი“ სიამოვნება იყო. მზიანი იმიტომ — რომ უხაროდა შვილის სიხარული, ჩრდილიანი იმიტომ — რომ ეწუხებოდა დედური წუხილი, სტკიოდა დედური გული, — რად უხარიან ჩემგან წასვლა და სხვასთან ყოფნაო!.. მზე და ჩრდილი, ნათელი და ბნელი, ტკივილი და ამება ერთმანეთში გაება და ჩაეწნა.

დედამ შვილს ჩაულაგა ერთი ხელი უკეთესი ქვეშაგები, საცვალი ტანისამოსი, კაი ლეკურის შალის ჩოხა-შალვარი, ყანაოზის ახალუხი, ორი წყვილი თავისის ხელით მოქსოვილი ჭრელი წინდა, ახლად ნასყიდი ყაითნებით მორთული საცვეთები, ბაზარში განგებ შეკერილი და ყაითნებითვე დახლართული ქვემოური ქალამნები. ყველაფერი ეს გამოუკრა ჯერ სუზანში, მერე ფარდაგში და შეჰკრა მაფრაშასავით თოკებით.

— დედი, დედი! ეს რა ამბავია? — ჰკითხა გაცინებით შვილმა, როცა ეს სამზადისი დაინახა, — ცხრა მთას იქით ხომ არ მისტუმრებ, რომ მაგოდენა ბარგ-ბარხანას თან მატან.

— არა, შვილო!.. უამისობა არ იქნება. დეე იცოდნენ, რომ ოჯახის შვილი ხარ და არა ეული ვინმე, ბოგანა. დეე იცოდნენ, რომ ოჯახიდამ გასდიხარ და არა უოჯახობიდამ.

— განა არ იციან?

— გაგონილს თვალით ნახული სჯობია. დეე რაც ყურით გაუგონიათ, თვალითაც ნახონ.

— სასაცილოდ ამიგდებს მთელი სოფელი, ეგრე ბარგ-აკიდებული რომ მნახონ.

— თავ-საცილს კაცი არ მოუკლავს. კაცი რომ სულელების კბილთა ღრეჭას აჰყვეს, სად წავა?

— მეტის-მეტია, დედი, ამოდენა ბარგი!.. თითქო ქალი ვიყო და მათხოვებდე.

— ქალი რომ იყო, ეგრე ადვილად ვერ გამიფრინდებოდი ხელიდამ.

— ქალი ხომ უფრო საბოლოვო არ არის დედ-მამისათვის. ქალი მოდის იმისათვის, რომ წავიდეს და სხვაგან გაიკეთოს ბუდე.

— მართალია, მაგრამ ქალი, — მინამ გათხოვდება, — დასაფრენი ბღარტია და ფრთას ქვეშ უზის დედასა.

— როგორ? წნილად შემინახავდი თუ?

— მაგას არ გეუბნები. ქალი ბედს შინ მოელოდინება, კაცი კი გარეთ ეძებს...

გიორგი აიმრიზა, ხმა აღარ გასცა. მიჰტრიალდა და კუთხეში რაღაც ფაცური დაიწყო, ვითომ-და ეძებს რასმე.

ოთარაანთ ქვრივმა ეს უცებ გაწყვეტა ლაპარაკისა შენიშნა და არ შეიმცნია კი.

— უფრთხის ახლოს მისვლასაო, — იფიქრა დედამ.

გიორგი პატარა ხანს შემდეგ ხელახლად მოუტრიალდა დედას, ხელი ჩაჰკიდა შეკრულს ბარგსა და ეგრე, ხელჩაკიდებისაგან ერთ მხრივ გადახრილმა უთხრა:

— ნება შენი იყოს, დედი!.. ამ ბარგი-ბარხანით მიუვალ...

სთქვა ესა, მხიარულად შეიგდო მხარზედ ბარგი და გასწია.

ოთარაანთ ქვრივმა დიდხანს ადევნა თვალი დერეფნიდამ... დიდხანს ადევნა, დიდხანს, მინამ თვალთაგან მიეფარებოდა შვილი, თითქო ხმაამოუღებლად იხვეწ-იმუდარებოდა, — ერთი მაინც შემომხედოსო. მაგრამ გიორგიმ უკან აღარ მოიხედა...

დედას გულმა ტეხა დაუწყო.

— უკან აღარ მოიხედა!.. — დაიკვნესა დედამ, — ჩემგან მიდის, თითქო ძაფიც არ იჭერს; სხვაგან მიდის, თითქო თოკით ეწევიანო.

ფეხთმდგომელას ოთარაანთ ქვრივს თავი ძირს ჩამოუვარდა დამბლასავით, თითქო კისრის ძარღვი გაუწყდა, ვეღარ შეიმაგრა და ნიკაპით გულზედ დასაბჯენად-ღა დაეკიდაო.

— ჩემგან მიდის და პატარა ნაღველიც უკან არ ახედებს... განა აქ არა დაჰრჩა-რა!.. სხვაგან მიდის და სიხარული მარტო წინ აყურებინებს… განა ყველაფერი იქ არის, სულ ყველაფერი!.. — დაიკვნესა ხელახლად დედის გულმა.

ამის თქმაზედ ოთარაანთ ქვრივმა კაბის სახელო წამოიწია და მთელი მკლავი დაჭიმულ სახელოთი მოისო თვალებზედ.

თითონაც არ იცოდა, — რადა ჰქმნა ესე. ეს უნებურად, უცოდნელად მოუვიდა. ხელმა თავისთავად დაასწრო, მინამ გული ცრემლს წამოჰღვრიდა. თითქო ხელი არ დაეკითხა გულს, — არ დამაგვიანოს, არ დამიშალოსო.

ოთარაანთ ქვრივს თვალში ცრემლი არ უჩანდა!.. განა აქვს კი ცრემლი ცეცხლმოკიდებულ გულსა?!

ჩამოჯდა ოთარაანთ ქვრივი დერეფნის დირეზედ. ჩაჰკიდა კვლავაც თავი და ორისავე იდაყვით მუხლების თავზედ დაებჯინა.

ოთარაანთ ქვრივი ფიქრმა წაიღო...

— დედა-შვილობაში შენ-ჩემობა რად არის? — ჰკითხა ოთარაანთ ქვრივმა თავისთავსა. — დედა-შვილობაში ორი თვალი რად უნდა იყოს? ნეტა დედას სხვასავით მაინც ორი თვალი არა ჰქონოდა... თუ აქვს, რად უჭრის ერთი თავისად, მეორე შვილისად? გული რად იხედება გარეთ ორის თვალითა, რად? — რატომ ერთი თვალი არ ებრმავის, როცა მეორე იყურება?.. ვინ ვისთვისაო, — რა საკითხავია დედა-შვილობაში?.. ვაი რომ საკითხავი ყოფილა! ამის ჭიდილია თურმე დედა-შვილობაცა!..

დიდხანს იტრიალა ამ ფიქრების მორევში გულმა და გონებამ ოთარაანთ ქვრივისამ. მერე თითქო რაღაც ხიდი გაიდოვო მორევიდამ გამოსასვლელად, წამოდგა ფეხზედ და ხმამაღლა სთქვა:

— არა, შვილო!.. შენ გაიხარე, შენ!.. მე კი... მე კი... მე ჩემისად მაყურებელს თვალს დავიბრმავებ და შენისად მაყურებელით-ღა ვივლი და ვიცოცხლებ...