ქ ა ჯ ა ნ ა - ნიკო ლომოური - ქართული პროზა ბლოკჩეინზე - თავი V
ქართული პროზა
ქ ა ჯ ა ნ ა
ნიკო ლომოური
თავი V
ჭიაკოკონობა გაჩაღებული იყო: მთელი ის პატარა სოფელი სულ ცეცხლის ალში იჯდა; თითქმის ყოველი სახლის წინ ენთო ჭიაკოკონა, რომელსაც გარშემო ეხვივნენ დიდით პატარამდე წევრნი იმ ოჯახისა. დიდები მომეტებულად სეირს უყურებდნენ; ზოგიერთ მათგანს კი, უფრო ქალებს, სული წასძლევდა ხოლმე, გაექანებოდა და ხტებოდა ანთებულ ცეცხლზედ. ამას მოჰყვებოდა საზოგადო კიჟინა და სიცილი. ახალგაზრდები და პატარები დიდს სიხარულში იყვნენ: ერთი განუწყვეტელი ჟღავიჟღუვით ურბენდნენ ჭიაკოკონას გარშემო, ხტუნაობდნენ მასზედ და ჰყვიროდნენ: ,,ალული კუდიანებსა, ჯვარი აქაურობასა“.
კიკოლას სახლის კარებზედაც ენთო ჭიაკოკონა... სახლის პატრონნი, ცოლ-ქმარი, ძარის ქვეშ ქვებზედ ისხდნენ და ჩუმათ გასცქეროდნენ თავიანთ ქაჯანას... ეს და ახლო მეზობლების რამდენიმე გოგო-ბიჭი ჟივილ-ხივილით უხტოდნენ გარშემო ჭიაკოკონასა და თანაც ნელ-ნელა უმატებდნენ ჩალაბულას. კატო იქ არსად არა სჩანდა, მაგრამ იმისი დარდი ვის ექნებოდა მაშინ? ქაჯანა გადგა შორს, გამოჰქანდა იქიდამ, დაჰკრა ფეხი ჭიაკოკონას წინ და მარდად გადაევლო ზედ გაძლიერებულ ცეცხლსა, მაგრამ იქით თავი ვეღარ შეიმაგრა, ტორტმანით წავიდა წინ და ბაკის ღობესთან წაჰყო თავი... წამოიწია, უნდოდა მარდად წამომხტარიყო, მაგრამ იქვე თავის წინ, ბაკის ღობის ჩრდილში, უცებ დაინახა რაღაც ბანჯგვლიანი და უთავო; დიდ კეტზე დაბჯენილი, შეინძრა ის და ბუტბუტით გამოსწია ქაჯანასაკენ. ქაჯანა წამოხტა, უნდოდა დაეყვირა, პირი გააღო, მაგრამ ყელიდამ სუსტი ხავილის მეტი აღარ ამოუვიდა-რა. მაინც გამოტრიალდა უკან, გადმოსდგა რამდენიმე ნაბიჯი და უცებ, მოწყვეტილი ყვავილივით, უგრძნობლად დაეცა დედამიწაზედ. კიკოლამ დაინახა ეს, წამოვარდა ქვიდგან და სტაცა თავის შვილს ხელი. მაგრამ რას ხედავს საწყალი ბერი-კაცი? გაფითრებული, პირდაღებული, თვალებდაჭყეტილი და უგრძნობელი შვილი კი შერჩა ხელში.
- ვაიმე, შვილო სიმონა! - დაიღრიალა ერთი კიკოლამ და მუხლმოკვეთილი ჩაჯდა იქვე.
მივარდა დედაც. მიეხვივნენ პატარა ბავშვებიც და გაჩნდა ერთი საშინელი, სულისა და გულის შემაძრწუნებელი წიოკობა. ამ წიოკობაზედ მოსქდა მთელი სოფელი და გრიალით მიაწყდა კიკოლას კარ-მიდამოს...
- რა ამბავია, ქალო,რა ამბავია? - იძახოდნენ აქეთ-იქიდან...
- საცოდაობა, გენაცვალეთ, საცოდაობა! - უპასუხებდა რამდენიმე ხმა. - ქაჯანას ავი სული დასცემია!..
- ვაიმე, დედავ, ქაჯანაი, დედავ! - ისმოდა მომტირალი ბავშვების ხმა.
- ოჰ, კაცო რა უბედურება მოუვიდა მა საწყალ კიკოლას!! - ეუბნებოდნენ ერთმანეთს თვალცრემლიანი გლეხები.
-ბარბარე მოდის, ბარბარე! - დაიძახეს... ხალხი გაიყო ორად და შუაში დარჩენილ გზაზე გამოჩნდა თითქმის მოხუცებული, კარგა ლაზათიანად ჩასუქებული, კეთილსახიანი დედაკაცი, მანდილოსანი ბარბარე, ექიმობით განთქმული მთელს იმ მხარეში. სჩანდა, ძლიერ ერბინა: ოფლის ხვითქი წურწურით ჩამოსდიოდა სახეზედ... ის მივიდა კიკოლასთან, რომელიც არავის არ ანებებდა თავის შვილს, გულდამშვიდებით გამოართვა ბავშვი, მიიკრა ძუძუებთან და ნელ-ნელა გასწია კიკოლას სახლისაკენ... დედა, მამა, ხალხი მიჰყვა მას უკან... ბარბარე დადგა კარებში. შეუშვა ბავშვის დედ-მამა სახლში, შემდეგ რამდენიმე გამოცდილ დედაკაცს დაუძახა, შეიყვანა ესენიც შიგ და სხვებს ჩაუკეტა მაგრა კარები... ბარბარე დაჯდა ჭილობზედ, გადასწერა რამდენჯერმე ქაჯანას პირჯვარი, დაიწყო რაღაც ტუტუნი და თანაც მაგრა უსვამდა ხელს ქაჯანას გულსა და თავზედ, გავიდა ცოტა რამ ხანი და ქაჯანამ პირიც მოკუმა, თვალებიც დახუჭა... დედ-მამამ და იქ მყოფმა დედაკაცებმა ამოუშვეს ქვითქვითი... გარედ მყოფმა ხალხმა ეს ქაჯანას სიკვდილით ახსნა. უცებ ბანიდამ, კარებიდამ, სანათურიდან მოისმა ხალხის ტირილი... ბარბარემ დინჯად აიღო თავი მაღლა, მიიხედ-მოიხედა და ერთის საშინლის ჭექის ხმით დაიძახა:
- რას დაგიჟებულხართ, ხალხო, ბავშვი კარგათა ხდება და თქვენ კი ღმერთი გიწყრებათ!..
ხალხმა, გარეთ, თუ შიგნით, ხმა გაიკმინდა... მხოლოდ ერთი ვიღაც პატარა გოგო არ ჩუმდებოდა; მას, ფრჩხილებით დაკაწრული, სისხლიანი სახე ჩამოეყო ბანში და გულამოსკვნით საცოდავათ ტიროდა...
ნეტავ ვინ იყო ის გოგო?