ოთარაანთ ქვრივი - ილია ჭავჭავაძე (განძი და ანდერძი) - ქართული პროზა ბლოკჩეინზე

Words
642
Reading
3 min
Listen
Play
8y

ოთარაანთ ქვრივი

განძი და ანდერძი

ყველაზედ უძვირფასესი განძი სხვა დარჩა ოთარაანთ ქვრივს თავის ქმრისაგან. ქვრივს კი მართლა უძვირფასესად მიაჩნდა და სხვისა კი არ ვიცით. ეს განძი თოფ-იარაღი იყო. მისი ქმარი, დიდი გამრჯელი, მოამაგე, დიდი მუშაკაცი, განთქმული მონადირეც ყოფილა. სახლში რომ შესულიყავით და კერიდამ მარჯვენა ტახტის ზემოდ კედლისათვის შეგეხედნათ, ჰნახავდით ბუდით ჩამოკიდებულს კარგად მოზრდილ თოფს, ხმალს თავისის ყაწიმებითა, ხანჯალს, დამბაჩას, სასწრაფოს და საპირისწამლეს.

კვირა არ გავიდოდა, რომ ოთარაანთ ქვრივს არ ჩამოეღო ეს იარაღი და გულდადებით არ გაეწმინდა. როცა ამას შეუდგებოდა, გეგონებოდათ ჰლოცულობსო, ისე გულდასმით, კრძალვით და სასოებით დაუწყებდა ხოლმე წმენდასა. რაც ქმარი მოჰკვდომოდა, მას აქეთ სულ ასე ექცეოდა ამ იარაღსა. სულთმობრძავი რომ ყოფილიყო, მაინც ერთს კვირას ისე არ გაატარებდა, რომ არ დაეწმინდა, არ დაეკრიალებინა, ცხვრის დუმით არ გაეპოხა და ისე არ დაეკიდნა თავის ადგილას. ხოლო ერთხელაც ისე არ გაუწმენდია, რომ თვალში ცრემლი არ მოჰრევოდეს, გული არ ამოსჯდომოდეს და არ ატირებულიყოს.

— ვაი, ვაი მე უბედურსა!.. — ჩაიკრავდა ხოლმე გულში ხელს. — სადედაბეროდღა გახდა ეს ვაჟკაცის იარაღი. მოგიკვდათ, თქვე საწყლებო, კაი პატრონი!.. უიმე!.. განა მარტო თქვენ მოგიკვდათ!.. ხომ მეც მომიკვდა, მეც!.. წაიღო შავმა მიწამ ჩემი თევდორე... წამოგექცა, ოჯახო, დედაბოძი, დაგიმიწდათ თოფო და ხმალო, თქვენი ფანდი ვაჟკაცი... გატყდა შუაზედ ჩვენის წუთის-სოფლის უღელიცა, მოგიკვდა, ოთარაანთ ქვრივო, ტოლდასადები მეუღლე, დარჩი ცალად... ვაიმე უშენოსა!.. ყვირილობის თვეში რომ ირემს მომაყენებდა ურმით!.. იმისი ზარიანი ხმა რომ ყურს მომხვდებოდა, გული გადამიტრიალდებოდა სიხარულით. ჭირიცა და ლხინიც სულ მღერითა და გალობით იცოდა. კაცი იყო, კაცი!.. ვენაცვალე იმის ჩრდილს!.. იმისი მუშაობა რომ ენახა კაცს, — თუნდა მარტოც ყოფილიყო — ქორწილი ეგონებოდა. ქვასაც კი გააღვიძებდა და ხელს გაანძრევინებდა. ვენაცვალე იმის სახელს!.. რო კვდებოდა, მაშინაც კი არ შეუკრავს წარბი, დამიძახა და მითხრა:

— რა გატირებს, ადამიანო! განა შენ კი შერჩები ამ წუთის-სოფელსაო. ყველას ბოლო ეს არის, ტირილით ნაშობი სიცილით უნდა კვდებოდესო. სააქაოს სტუმარი ვიყავ და ეხლა შინ მივდივარო. რა გატირებსო.

— რა ვქნა მე უშენომა? — შევჩივლე მე.

— როგორ თუ რა ჰქნა!.. გაისარჯე და ირჩინე თავიო. მე კი თითებიდამ ზეთი და ერბო მწვეთდა თუ! ვირჯებოდი და უტკივარს ლუკმას ვჭამდიო. ქვეყანა ღონიერია, ნუ გეშისო. ოღონდ ჭირს ნუ დაუტყდები, ნუ გაელახვინებიო... ე ჩემ პატარა გიორგის უპატრონეო, არ გამიღარიბო, არავის დამიჩაგვრინო, არავის არ შემინატვრინოო! გაიზარდოს და მერმე თითონ იცის. თუ იქნება თავისით იყოს, თავის მარჯვენით კაცობდესო. მამისეული თოფ-იარაღი შეუნახე, გამოადგება... თოფი ხაზინიანია — გაუფრთხილდეს, მხარში ცემა იცის. შორს მანძილზედ კარგად მიდის, ნიშანი კი ცოტა მაღლა დაუჭიროს... ეი... მაგის ტყვიის ზუზუნი ერთ რათმედა ჰღირს!.. ეჰ, რა ვუთხრა ამ წუთის-სოფელს!.. არ დამცალდაო... შენც მენანები, მაგრამ ეგ უფრო მენანება, ბალღია უსუსური, უმწეო. ეჰ, ნეტავი კი ეგ დავაჟკაცებული მენახა და!.. მერმე თუნდა ურმის თვალზედ გავცმოდიო... ეჰ, რაც არის, არის... ეშმაკის კერძად არ გამხადო, მკვდარს დამიურვე, მიპატრონეო.

ამის მერმედ ბევრი აღარა დასცალდა-რა. სთქვა ეს თუ არა, გადაბრუნდა კედლისაკენ, ერთი ამოიკვნესა, ჯიგარი თან ამოაყოლა, „მივდივარო“ მითხრა და მიაბარა ღმერთს ალალი სული. ვაი შენს დამკარგავს, ჩემო კარგო თევდორე.

ყოველს ამას მოიგონებდა ხოლმე ოთარაანთ ქვრივი, კალთით მოიწურავდა თვალებიდამ ცრემლს, და მინამ თოფ-იარაღს კრიალს არ დააწყებინებდა, არ მოეშვებოდა არც წმენდას და არც ტირილსა. რა თქმა უნდა, რომ ამ ცრემლს არავის დაანახვებდა, შვილსაც კი, შვილსაც არ შეამცნევინებდა ხოლმე.

ქმრის ანდერძს არ უღალატა. ოჯახიც შეინახა, სარჩო-საბადებელსაც თუ არ მოუმატა, არა დააკლო-რა, იარაღსაც კარგად უვლიდა და მკვდარსაც უურვებდა იმით, რომ ყოველ კვირას კორკოტსა და წანდილს ჰხარშავდა იმის სულის საცხონებლად და ყოველ-წლივ აწირვინებდა.

შვილის მოვლას ხომ ზედ შეალია თავისი ყმაწვილ-ქალობა. ოცდაოთხის წლისა ძლივ იქნებოდა, როცა დაქვრივდა და ერთის წლის შვილი დარჩა. ის დღეა და ეს დღე, ჩაიცვა ლურჯი შილის პერანგი, შავი კაბა, თავზედ შავი მანდილი მოიხვია და აი ეს ოცი წელიწადია მხიარული ფერი არ მიუკარებია ტანზედ. თუმცა ბევრი მთხოვნელი ჰყვანდა, ბევრი ეხარბებოდა ოთარაანთ ქვრივის ოჯახში შესვლას, მაგრამ-თქვენც არ მომიკვდეთ-არ გათხოვდა და არა.

— მერე რა პირით-ღა შევეყარო საიქიოს ჩემს ქმარსაო, — ამბობდა ხოლმე. — აი, უწინამც დღე დაუბნელდეს ოთარაანთ ქვრივს, მინამ მამინაცვალს სახლში დაუსვამდეს თავის პატარა გიორგისა. ვენაცვალე იმის სიყრმეს!.. მამაშენს ვუღალატო!.. შენ გაგცე!.. აი, უწინამც დედამიწა გაირღვევა და შიგ ჩამიტანს. გაიზარდე, ჩემო თვალის სინათლევ, და გაახარე აქ დედა-შენი და იქ მამა-შენი. აი, შენ დაგედოს მტლად შენი უბედური დედა!

იტყოდა ამას და შიგ გულში ჩაიკრავდა ხოლმე თავის პატარა ბუთხუზა ბიჭსა.

ოთარაანთ ქვრივი - ილია ჭავჭავაძე (განძი და ანდერძი) - ქართული პროზა... | Ecency