ოთარაანთ ქვრივი - ილია ჭავჭავაძე (ხუთი ქისა) - ქართული პროზა ბლოკჩეინზე

Words
669
Reading
3 min
Listen
Play
8y

ოთარაანთ ქვრივი

ხუთი ქისა

ოთარაანთ ქვრივს სოფლის ნაპირას ერთი კაი მოზრდილი ფიცრული ედგა. მისი ეზო, საკმაოდ ფართო გლეხკაცისათვის, გარს შემორტყმულია ტყრუშულის ღობითა. ეზო წმინდაა, ფაქიზად შენახული და დერეფნიდამ მოყოლებული ჭიის-კარამდე სიგრძე-სიგანეზედ მწვანით აბიბინებული. დერეფნის წინ, ერთ ოციოდ ნაბიჯზედ, უშველებელი კაკალი სდგას, შტოებ-ძირდაშვებული, შემორგვალებული, თითქო განგებ შემოკვეცილიაო.

კაცის თვალს ეამებოდა, რომ ეს ეზო ენახა. სახლი, როგორცა ვთქვით, ფიცრულია. მარტო ჩრდილის მხრივ კედელი მთლიანია, სხვა მხრივ კი ყოველგან თითო კარი აქვს დატანებული. კედლები ყველგან დაჩითულია სათოფეებითა. სჩანს შიშიანობის დროს ყოფილა აშენებული.

ამ სახლს მარჯვნივ წალმით დახურული მარანი ედგა, ოთხკუთხივ ღია და ფარღალალა. სახლის უკან კალო-საბძელია და საბძელ-ქვეშ გომური. სახლის მარცხნივ პატარა ადგილია შემოღობილი და შიგ ბოსტანია.

აქ მოჰყავს ხოლმე ოთარაანთ ქვრივს ყოველივე ბოსტნეულობა, რაც კი დასჭირდება საზაფხულოდ, თუ საზამთროდ. თავისის ხელით ჰბარავს, სთოხნის, ჰმარგლის, სთესს და ჰკრეფს ხოლმე. თუმცა სოფლელნი ბევრს იძახდნენ: ვის გაუგონია დედაკაცის ბარი და თოხიო, მაგრამ ოთარაანთ ქვრივი არას დაგიდევდათ.

— თუ არ გაუგონიათ, ეხლა გაიგონონო, — ამბობდა. ხოლმე. — მითამ მე რითა ვარ ნაკლები აიმ დამპალ გოგიაზედ! თუ იმასა ჰშვენის ბარი და თოხი, მე რაღა ღვთისაგან შერისხული ვარ. რა ვუყოთ, რომ ის მამაკაცია და მე დედაკაცი. მითამ ჩემზედ წინ რით არის? იმასაც ორი ხელი და ფეხი აქვს და მეცაო. თუ ის ხელ-ფეხს ასაქმებს, მე რაღა დარდუბალა გადამკიდებია!.. რა საპყარი და დავარდნილი მე მნახესო!..

ბოსტანში მუშაობა ისე უყვარდა, რომ სხვის ხელს არ მიაკარებდა. ბოსტანში პატარა რუი იყო გაჭრილი და მუდმივ და გაუწყვეტლად წყალი ჩამოჩუხჩუხებდა, დიდის სასოფლო რუიდამ წამოყვანილი. იმ სოფელში წყალი ბევრი იყო, სოფელს ზედ შუაზედ სამის წისქვილის წყალი ჩამოუდიოდა. როცა ძალიან გოლვა იყო, მაშინ კი წყალს სოფლელნი ერთმანეთსა ჰპარავდნენ, სტაცებდნენ ბოსტნებისა და ნამეტნავად ვენახების სარწყავად. ოთარაანთ ქვრივს კი ვერ უბედავდნენ წყლის მოკლებასა. თუ ვინმე გაჰბედავდა, ვაი იმას!.. ოთარაანთ ქვრივი მეწისქვილესავით გაიდებდა ხოლმე მხარზე თოხსა და აჰყვებოდა რუს თავამდინა. გლეხები რომ ამ ყოფით დაინახავდნენ ოთარაანთ ქვრივსა, იტყოდნენ:

— წამოვიდა მეხი, და ვაი იმას, ვისაც დაეცემაო.

სახლში რომ შესულიყავით, ყველაზედ უწინარეს თვალში გეცემოდათ სიფაქიზე და დაგვილ-დაწმენდილობა იქაურობისა. თარო ჩრდილოს მთლიან კედელზედ თავიდამ ბოლომდე გახიდულია და ზედ ჩამომწკრივებულია სუფთა ჭურჭელი ქაშანურისა. ორიოდე ქვაბი, ტაფა, ჩამჩა, ქაფქირი, ძალზედ დაწმენდილ-დარეცხილი, მხიარულად გადმოიცქირებიან მაღლიდამ, თითქო თავს იწონებენ, რომ კარგი მომვლელი და პატრონი ასჩენიათ.

კერას აქეთ-იქით თითო ტახტია დაფენილი ჭრელის ფარდაგებითა. კარგა ხნის ფარდაგებია, მაგრამ კარგად შენახული და ნაპატრონები. ტახტების თავზედ თითო ბაცანკალი, ანუ როგორც ზოგან ეძახიან, სართუმალი სდგას ხარატით ნაკეთები. კუთხეში ერთი დიდი კიდობანია. ეტყობა ძველი ნაკეთობაა, იმიტომ, რომ წინა-პირზედ გამოხარატებულია სხვადასხვა სახე და ძველებური გრეხილ-ხვეულები სილამაზისათვის. ერთი დიდი სკივრიცა სდგას მეორე კუთხეში. ეტყობა ერთს დროს ლურჯად ყოფილა შეღებილი და ეხლა კი საღებავი გადასვლია. ამ სკივრზედ აკოკოლებულია ქვეშსაგები, ლურჯის სუზანით თავიდან ბოლომდე ჩამოფარებული.

ამ სახლის, ანუ როგორც თითონ ოთარაანთ ქვრივი ეძახდა, დარბაზის მოწყობილობისათვის რომ თვალი კარგად დაგეკვირვებინათ, იტყოდით — ამის პატრონი შეძლებული კაცი უნდა იყოსო. არც მოსტყუვდებოდით. გლეხკაცობის კვალობაზედ ოთარაანთ ქვრივს ბევრი შეჰნატრებდა. ამას ქმრისაგან დარჩა ნახევარ-გუთნეული საქონელი, ორი ფურ-კამეჩი, სამი ძროხა, ამას გარდა ორის დღის კარგად გაკეთებული და გავსებული ვენახი და ოციოდ დღის სახნავ-სათესი მიწა.

ვენახს ქვრივი ძალიან კარგად უვლიდა, ძალიან აპატიებდა და ვენახიც კარგს მოსავალს იძლევოდა. ამბობდნენ, რომ ოთარაანთ ქვრივი, — რაც უნდა მდარე მოსავალი ყოფილიყო, — სამს საპალნეს ღვინოს მაინც გაჰყიდდაო ყოველ-წლივ. მისი ღვინო საპალნე შვიდ-რვა და ათ თუმნადაც ბევრჯელ გაყიდულა თურმე. შინაც სახარჯოდ ღვინოს სამყოფზედ მეტს ინახავდა. ათის დღის მიწას ყოველ-წლივ ჰხნავდა. სყიდვით იქნებოდა, ალოთი, თუ თავისის გუთნით, ათის დღისას უსათუოდ მოჰხნავდა და მოსთესავდა.

გაჰყიდდაო ღვინოსა და მომეტებულს პურს თუ არა, ფულს ხუთ ნაწილად ჰყოფდა და ხუთ რიგად ინახავდა. ამისათვის ნაჭრებისაგან ჭრელი ქისები ჰქონდა, ჩანთასავით შეკერილები. ერთს ამისთანა ქისას „საჭირნახულოს“ ეძახდა და შიგ ინახავდა სახარჯოს პურისა და ქერების სამკალად, მოსაზიდად და სალეწად. მეორე ქისას „ბარაქალა ქისას“ ეძახდა. ამაში ინახავდა სახარჯოს ვენახის სამუშაოსათვის. მესამე ქისას “საჯანაბო” ერქვა. ამაში ინახავდა ფოსტის ფულსა და საბეგროსას, თუ ვინიცობაა სოფელი ოდესმე შეაწერდა. მეოთხე ქისაში ინახავდა მოჯამაგირის საჯამაგირო ფულსა. ამ ქისას ეძახდა: „მიეცი და მოგეცესო“. მეხუთე ქისაში ჰქონდა საშინაოდ სახარჯო და ღარიბთა გასაკითხი ფული. ამ მეხუთე ქისას ოთარაანთ ქვრივი ხან „ფარსიღას ქარვასლას“ ეძახდა, ხან „შიოს მარანსა“.

თვლა თუმცა მაგრე-რიგად არ იცოდა და ხშირად კენჭებს მოიშველიებდა ხოლმე, როცა უამისოდ დათვლა უჭირდებოდა, მაგრამ ანგარიში ძნელად შეეშლებოდა. პირველს ოთხს ქისაში იმდენს ჩააწყობდა, რამდენიც საჭირო იყო და ძალიან იშვიათად მომხდარა — ანგარიში არევოდეს. რაც პირველს ოთხს ქისას გადარჩებოდა, ყველას მეხუთე ქისაში დაუთვლელად ჩაჰყრიდა და, მინამ გამოილევოდა, დაუთვლელადვე ჰხარჯავდა.