ოთარაანთ ქვრივი - ილია ჭავჭავაძე (განა თითონ კი იცოდა) - ქართული პროზა ბლოკჩეინზე

Words
857
Reading
4 min
Listen
Play
8y

ოთარაანთ ქვრივი

განა თითონ კი იცოდა

— როგორ მოგეწონა ეს ამბავი? — ჰკითხა არჩილმა დას, როცა ოთახში შევიდნენ.

— ახირებული გული ჰქონია, — უპასუხა დამ, თითქო პირველ ხანს სხვა უკეთესი ვერა მოეგონა-რაო.

— ეგ ცოტაა. ნამუსი ჰქონია, ნამუსი!.. ის დიდი ნამუსი, რომელიც სხვისასაც ისე ერჩის, როგორც თავისას.

— ნურც აგრე გაადიდებ მაგ უბრალო საქმესა.

— მაგას ნუ იტყვი. რაც კარგია, იქ დიდ-პატარაობა მოსატანი, სახსენებელი არ არის. რაც კარგია — თავისთავად დიდია. ჰხედავ, უსწავლელი კაცია. მაგისი ნამუსი ჭკუით კი არ არის ახილებული, გულით გამოკვებილია, მარტო გულით. ეს დიდი საქმეა ჩემის ფიქრით, იმიტომ, რომ მაგისთანა ნამუსი მთელის გვამის, მთელის აგებულების წყურვილია, როგორც სითბო სიცივეში, როგორც სიგრილე სიცხე-პაპანაქებაში, როგორც პური შიმშილში. მინამ ჭკუა იტყვის, ჭკუა ურჩევს, გულმა იცის, რა ჰქმნას. ეს დიდი საქმეა-მეთქი, დიდი.

— რაო? დედის ავად ხსენება იწყინა, სხვა ხომ არაფერი?

— ეგ ბოლოა. შენ სათავე მოუჩხრიკე ამ საქმესა. გულმა არ მოუსვენა, ცხენი რომ მოუვლელი ნახა და მეჯინიბე არხეინად მწოლარე. საქმე და მოსაქმე ერთმანეთს გაჰყროდა და ეს მართალმა გულმა იუცხოვა, არ შეიფერა, ხომ არც ცხენი იყო იმისი, არც მეჯინიბე იმისაგან დავალებული. რა ეწოდა, რა უნდოდა, ჩვენად რომ ვიკითხოთ? ჩვენი ამება? ჩხუბი რომ არ მოსვლოდათ ეს ამბავი ჩვენამდე ხომ არც კი მოაწევდა. მეჯინიბის ჯავრი სჭირდა და მიზეზი მოუდო? რა ჯავრი უნდა სჭირებოდა, კაცს პირველადა ჰხედავს. არც ერთი და არც მეორე. საწანახედოდ გამხდარი საქმე ნახა, იქავ ხელთუძრავი მოსაქმე და გულმა არ მოუთმინა. რაც გინდა სთქვი და, ეს დიდი ნიშანწყალია კაცობისა... სწორედ დიდი ნიშანწყალია. ეხლა მესმის, რაც იყო, იმ დღეს რომ მეწისქვილემ გვიამბო. აი, ბურკიაშვილის კამეჩი რომ დაეჭირა მინდვრიდამ მომავალს და კახუაშვილისათვის მიეყენებინა კარზედ, შენს ჯეჯილს აფუჭებდაო. მე თუმცა ზოგიერთი ამბები ვიცოდი გიორგისა, მაგრამ, — ღმერთო შეგცოდე, — აქ კი გავიფიქრე, უთუოდ ბურკიაშვილის ჯავრი სჭირებია-მეთქი გიორგისა. ეხლა ვნანობ, რომ ეს გავიფიქრე და ამ ფიქრით შევუგინე ნამუსი მაგ პატიოსანს კაცსა.

— ბოდიში მოიხადე, — უთხრა დამ გულითადად და ჭკვადასმით, რაკი ხუმრობა-გაშვებით ჩაუკვირდა თავის ძმის ნათქვამსა.

— ბოდიშს იმით მოვიხდი, რომ მე მაგას შეგირდად მივებარები, დიაღ, შეგირდად. ჩვენ რანი ვართ მაგასთან!.. დეე, გვასწავლოს და გვწურთნოს...

არჩილმა წინა და უკან სიარული დაიწყო ოთახში და ფიქრს მიეცა. კესოც ჩაფიქრდა. გიორგი, როგორც ჩემთვის, მკითხველო, ისეც იმათთვის გამოცანა იყო.

— კესო! — შესდგა ბოლოს კესოს წინ არჩილი და უთხრა, — იცი რას გეტყვი? აი, სახლის წინ რომ ყვავილების ბაღს იკეთებ, მოდი გიორგისაც დაეკითხე ხოლმე. მე მგონია, ეს ლოთი გარმიანელი მებაღე სულაც დავითხოვოთ და გიორგის ჩავაბაროთ, ურიგო არ იქნება. ჭკვა-გონებიანი ბიჭია, შენ ოღონდ ანიშნე და, იმედი მაქვს, მიგიხვდება, სად რა და როგორ გააკეთოს. სხვას ხომ დღიური მუშებიც გაუძღვებიან, რაკი გიორგი თავ-მდგომელი იქნება. ცოდოა მაგისთანა ბიჭის ამაზედ მოცდენა, მაგრამ ჯერ ეს იყოს და მერე სხვას რასმე ავუჩენთ.

— ძალიან კარგი, — მოუწონა დამ, — ოღონდ ეს არის, რომ ჯერ ყველაფერი მარტო ქაღალდზეა გამოხაზული და ვაი თუ ვერა გავაგებინო-რა. აბა, ჯერ ერთი ვაჩვენებ, გაიგებს რასმე თუ არა.

მეორე დღეს არჩილი დილა-ადრიანად თავის ახალშენს ვენახში წავიდა. ცხენს რომ ქუსლი ჰკრა და პირი უბრუნა, პირუკუღმა მოსძახა გიორგის:

— სამუშაოზედ არსად წახვიდე, კესოს შენთან საქმე აქვს.

„კესოს”?!

გიორგის გული გადაუტრიალდა...

კესოც ადრე ამდგარიყო, მაგრამ მინამ მილაგ-მოლაგდებოდა, ჩაიცვამ-დაიხურავდა, კარგა ხანი გავიდა.

ბოლოს კესომ იხმო გიორგი.

გიორგიმ რომ მარტო ნახა თავისი თავი კესოსთან, თითქო შიშმა აიტანა. ალბად იმორცხვა და საკვირველიც არ არის: თავის დღეში უცხო ქალთან მარტოდ არ ყოფილა.

კესოს ტახტზედ გადაეშალა დახაზული ქაღალდი, სხვადასხვაფერად აჭრელებული. ეს ბაღის მოხაზულობა იყო და რომელიღაც წიგნიდამ გადმოეღო თითონ კესოს და ძმასთან ერთად შეესწორებინა თავის სურვილისამებრ.

— აბა აქეთ მო, გიორგი. ერთი ეს ნახაზი უნდა გაჩვენო, — უთხრა კესომ გიორგის, კარებში გაშეშებულსავით ატუზებულს.

გიორგიმ ფეხი წინ ვერ წასდგა.

— ეს ოხერი, რამ დამიდუნა მუხლებიო, — იფიქრა.

— რას იბუზები ახლად მოყვანილ პატარძალსავით. ფეხი გადმოდგი, ნუ გეშინიან, არ შეგჭამ.

გიორგიმ ორი ბიჯი წინ წასდგა და მაინც შორი-ახლო დაუდგა კესოსაც და ქაღალდსაც.

— ე რა ფანცქალმა ამიტანაო!.. — გაიკვირვა გულში.

— რა დაგემართა, ადამიანო!. აი, აქ მო, ჩემთან ახლო, — უთხრა ეხლა კი ცოტად გაჯავრებულმა კესომ.

„ახლო”!..— ზოგჯერ მოკლე სიტყვაც გრძელია.

გიორგიმ ფეხი არ გაანძრია. მარტო კისერი გადაიწვდინა და ისე შორიახლოდამ ჩაჰხედა ქაღალდსა, როგორღაც უხერხულად და გვერდულად.

— კაცო, არ გეყურება? მე ახლო ვარ და ძლივს ვხედავ და შენ მაინდამ რას დაინახავ, მამლაყინწასავით კისერი წამოგიშვერია. ახლო მოდი-მეთქი.

გიორგი მაინც ადგილიდამ არ დაიძრა.

— ე რა ფრთხოლამ ამიჩემაო! ჯადო მეწევა უკან, თუ ხატი არ მიშვებს წინ? — ჰკითხავდა თავისთავს გაოცებული გიორგი.

კესომ აღარ აცალა, წაავლო ხელი სახელოზედ და გამოსწია.

გიორგი წაბარბაცდა. თითქო მეხმა ახლო გაუარაო. ალბად ფეხი წამოჰკრა რასმე...

— რა იყო? — იკითხა კესომ.

— არაფერი. ფეხი ფეხს თუ წამოვკარ, — მიუგო გიორგიმ და გულში გაიფიქრა: ფეხის ძარღვები დამაჭრეს, თუ რა მომდის ეს ოხერ-ტიალი!..

— აი, — უთხრა კესომ, როცა გვერდით დაიყენა გიორგი და ჩაახედა ქაღალდში, — დაბალ მესერით შემორტყმული ადგილი ხომ გინახავს ჩვენის სახლის წინ, — ეს ის არის. ეხლა, ჩემო გიორგი, ამ ადგილს ამისთანა მიხვეულ-მოხვეული გზები უნდა დაუკეთდეს. ამ გზებს აგურის ფხვნილით წითლად მოვფენთ. გზებსა და გზებს შუა აი ასეთი კვლები უნდა დაიკვალოს, როგორც აქ არის გამოხატული. ამ კვლებში სხვადასხვა ფერადი ყვავილები დაითესება. აი, შუაგულს ხომ ჰხედავ? აქედამ...

— მე ვერასა ვხედავ, ვერა!.. შენი ჭირიმე, ეხლა თავი დამანებე, სხვა დროს მიბძანე, — უთხრა გულამოსკვნილის ხვეწნით გიორგიმ და განზედ გაუდგა კესოს. — რაღაცა ხათაბალა გადამეკიდა, თვალები ამება, რეტი დამესხა. ვერც ვერას ვხედავ, ვერც ვერა მესმის-რა. ეხლა დამითხოვე, შენის ღმერთის გულისათვის...

კესომ ნახა, რომ გიორგი მართლა არც თავის ფერზედაა, არც თავის გუნებაზედ. დაითხოვა და სთქვა თავისთავად:

— გულის ჭიდილი მოუვიდა, თუ რა ამბავია!

განა თითონ გიორგიმ კი იცოდა, რა ამბავია!

ოთარაანთ ქვრივი - ილია ჭავჭავაძე (განა თითონ კი იცოდა) - ქართული პრ... | Ecency