ქ ა ჯ ა ნ ა - ნიკო ლომოური - ქართული პროზა ბლოკჩეინზე - თავი IX
ქართული პროზა
ქ ა ჯ ა ნ ა
ნიკო ლომოური
თავი IX
როდესაც გახარებული კიკოლას ურემი შემოდიოდა ჩვენს სოფელში, იმ დროს ქვემო გზით მე გავდიოდი ამ სოფლედამ... წამოველ და მთელი ერთი წლის განმავლობაში აღარ მიმიხედნია იქითკენ... ჩემი ყური და თვალები ამ ხანებში ქალაქელ ქაჯანებთან იყო გართული, ჩემი სოფლელი საყვარელი ქაჯანა არა თუ არ მინახავს, მისი ამბავიც კი არ გამიგონია. ამ ორი-სამი დღის წინათ მარტოკა ვიჯექი ოთახში და ვწერდი ამ ამბის მერვე თავის უკანასკნელ სტრიქონებს... ამ დროს გაიღო კარები და ოთახში შემოვიდა ერთი ჩემი ძველი მეგობარი და ამხანაგი – სანდრო.
ეს ახალგაზრდა კაცი ჯერ ისევ ყმაწვილი იყო, როდესაც მას ჩაენერგა გულში გლეხკაცის სიბრალული და ძმური სიყვარული. იტანჯებოდა და უნდოდა შეეტყო, გაეგო, თუ რად არიან გლეხკაცნი მწუხარებაში და რით შეიძლებოდა გაქრობა ამ მდგომარეობისა. მას ამ დროს ჩაუვარდა ხელში რამდენიმე, ამ საგანზედ დაწერილი წიგნი, გულმოდგინებით დაიწყო მათი კითხვა... მაგრამ, უცებ ერთხელ თავს წაადგა ჩვენი სკოლის უფროსი, რომელმაც მაშინათვე გამოარიცხვინა ის სკოლიდამ. ობოლო, ღარიბი და საწყალი, გამოუცდელი სემინარელი გაუყენეს შარა გზას. ამის გამო, მეორე დღესვე დაანება თბილისს თავი და გასწია თავისი საწყალი მოხუცებული დედისაკენ... ეს იყო და ეს! მოგვეფარა თვალიდან და მას აქეთ აღარაფერი არ გაგვიგონია მასზედ. წარმოიდგინეთ, როგორ გამეხარდებოდა, როდესაც ის უცებ ჩემს ოთახში დავინახე... წამოვვარდი და, შემდეგ სალამ-მოკითხვისა, დავსხედით ერთადა...
- როგორ ხარ, სანდრო? სად იყავი აქამდისინ და ან ეხლა სადა ხარ? - უთხარი მას.
- ხომ გახსოვს, ჩემო ძმაო, მე ჩემ თავზედ ლაპარაკი არ მიყვარს... - მითხრა მან, - ამიტომ არაფერს არ გეტყვი ეხლა ჩემს წარსულზედ... ჩემი აწმყო კი სამიოდ სიტყვით გამოიხატება: მე დღეს ვარ თქვენებური სკოლის მასწავლებელი. მართალია, სიღარიბე ბევრნაირად მაწუხებს, მაგრამ რაკი ჩემს მიზანს ვემსახურები, მასთან სიტკბოებასაც ბევრსა ვგრძნობ. შენის თვალით რომ ხედავდე შენი შრომის კეთილ ნაყოფს, განა ეს ბედნიერება არ არის?! უნდა შემოხვიდე როდისმე ჩემს სკოლაში და დაინახო, როგორის მოსაზრებით და სიცოცხლით იძენენ და ამბობენ ყველა მას, რასაც კი იგონებენ ჩემგან! იცი? ორმოცამდის შეგირდი მყავს, ორი განყოფილება არის: ერთი ვაჟებისა და მეორე ქალებისა... ერთმანეთის მიხედვით ისეთნაირად არიან წახალისებულნი, რომ თქმა გაგიჭირდება: რომლები სჯობიან, ბიჭები თუ ქალები!..
- დაიცა, დაიცა, შენი ჭირიმე, - გავაწყვეტინე მე, - კიკოლას ქალ-ვაჟი არ დადიან სკოლაში?
- ოჰ, რას ამბობ, კაცო! - დაიძახა სანდრომ, - კიდეც ისინი არიან და!.. და ქალებშია პირველი, ძმა-ვაჟებში... უნდა დაგანახვა ეს და-ძმა რომ გაუჯიბრდებიან ხოლმე ერთმანეთს არითმეტიკაში... ღმერთმანი. სიხარულისაგან ბევრჯელ ცრემლები მომივა ხოლმე თვალებში... მაგრამ ცრემლები ბევრჯელ უილაჯობისაგანაც კი მომსვლია!!.. ერთი მითხარი: რა უნდა ჰქნან, სად უნდა წავიდნენ ეს ნიჭიერი ბავშვები, როდესაც ჩვენს სკოლაში გაათავებენ სწავლას!! მე დარწმუნებული ვარ, იმათ რომ სწავლა გააგრძელონ, სახელოვანი შვილები გამოუვლენ ჩვენს დაცემულ ქვეყანას... მაგრა, რითი? ამ ერთი ძველი ჩოხის მეტი არა მაბადია რა! - სთქვა და მწუხარეთ დაჰკიდა თავი ძირსა.
- იცი, ძმაო, ჩამომგვარე ქაჯანა აქა...
- კარგი, - სიხარულით წამოიძახა სანდრომ, - ქაჯანა შენ, კატო მე... უკანასკნელ ტყავს გავიძრობ და კატოს კი სწავლას გავაგრძელებინებ.
- ძალიან, ძალიან კარგი, მაგრამ ერთი ესეც მითხარი, სანდრო, - კიკოლა როგორ არის, კიკოლა?
- კიკოლას რა უშავს, კაცო! რამდენიც დრო გადის ის უფრო ყმაწვილდება. სადაც კი ქორწილი გაჩნდება, კიკოლა უსათუოდ იქ მაყრად არის მიწვეული... წლეულ მამასახლისად ამოირჩიეს ის, მაგრამ უარი თქვა; ვაი თუ ან ჩემ სულს დაუმძიმო და ან მეზობელს ვაწყენინო ვისმეო. მეც ბევრი ვეხვეწე, მაგრამ არ დათანხმდა: ცუდი ხელობაა ძიელაო.
- ქაჯანა და კატო ხომ კარგად იყვნენ, რომ წამოხვედი?
- კარგად... ძლიერ კარგად, მაგრამ ქაჯანა ცოტა მშიშარაა... მომეტებულად ტყავისა ეშინიან: ტყავიანი კაცი რომ დაინახოს, სულ ელეთ-მელეთი მოსდის ხოლმე. არ ვიცი, იცი შენ თუ არა?.. ერთხელ, ამ ერთი წლის წინად, კატოს ტყავი წამოესხა და იმითი ისე შეეშინებინა ქაჯანა, რომ ამ უკანასკნელს ენაც კი ჩავარდნოდა... შემდეგ ეთქვა კატოს ყველა ეს, მაგრამ ქაჯანას შიში მაინც არ ამოფხვრილიყო ამითი... კატოზედ ამბობენ, წინათ ძლიერ ეშმაკი იყოო... თუმცა სიცოცხლე და კუდიანობა არც ახლა აკლია, მაგრამ უფრო დინჯი, უფრო მოფიქრებული ყოფა-ქცევა აქვს.
ამის შემდეგ კარგა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა ჩვენ შუა. შემდეგ ლაპარაკის საგანი გამოიცვალა, გავებით ხუმრობა-ლაზღანდარობაში... სანდრო გუშინ დაბრუნდა თავის საყვარელ სკოლაში და აღმითქვა ქაჯანას მალე გამოგზავნა.
დღე-დღეზე ველი ჩემ სოფლელ პატარა ქაჯანას; მაგრამ, ვინ იცის რამდენი,,ქაჯანები“ დარჩებიან ჩვენ საცოდავ სოფლებში?!.