ოთარაანთ ქვრივი - ილია ჭავჭავაძე (გასტეხს ქვასაცა მაგარსა...) - ქართული პროზა ბლოკჩეინზე

Words
908
Reading
5 min
Listen
Play
8y

ოთარაანთ ქვრივი

გასტეხს ქვასაცა მაგარსა...

მზემ ადგომა მაინც ვერ დაასწრო. ოთარაანთ ქვრივი პირდაბანილი და ტანთ-ჩაცმული იყო, რომ მზემ მაშინ ძლივს ამოჰყო თავი მთის წვერიდამ და გადმოხედა ქვეყანას თავის ერთად-ერთის ოქროსავით ბრჭყვიალა თვალითა. მთების ნამს მოახვედრა მზემ თავისი სხივი თუ არა, მთამ ორთქლი აუშვა, თითქო საკმელს უკმევს ამ უზარმაზარს ცეცხლის ბურთსაო.

— რა დამემართა წუხელის? — ჰკვირობდა ოთარაანთ ქვრივი, — რამ წამიღო? რამ დამძლია და ამითრია? ჭირს ნუ გაუტყდებიო, მითხრა ცხონებულმა. მოდი და ნუ გაუტყდები!.. დამალული ჭირი ძნელია. პირდაპირ მოსულს კიდევ როგორც იქნება შეეჭიდება კაცი... ვის ვეჭიდო და რას, რაც არ ვიცი. გული ამან შემიშინა... ბნელმა თავის ნაბადში გაახვია ჩემის გიორგის ამბავი. თუ სიყვარულია... ღმერთმა ბედი მისცეს და თუ სხვა რამ არის!.. ცოდო... სისხლი... ჩაიქოლე თავი, ოთარაანთ ქვრივო, ჩაიქოლე... გულზედ ლოდსავით დააწვება და თავის დღეში აღარ აეხსნება. აღარ აეხსნება... აღარ, აღარ!..

კიდევ აჰყვა წუხანდელს ფიქრსა. სულ ის სამის დღით წასვლა შვილისა აგონდებოდა და აფრთხობდა.

ფიქრი, რაკი ერთხელ ასე თუ ისე გამოიკვანძა, თოვლის გუნდასა ჰგავს, მთის წვერიდამ დაქანებულს: რაც დიდ მანძილზე მიჰგორავს, უფრო ძლიერდება, უფრო ჰმატულობს, უფრო ჰდიდდება. თუ კაცმა არ დააყენა, ზვავად იქცევა და სხვას ყველაფერს თან გაიტანს. ოთარაანთ ქვრივსაც ასე მოუვიდა. დაუგუნდავდა ფიქრი, შვილის სიყვარულმა ხელი ჰკრა და დააგორა იმ მაღალ მთიდამ, საცა მარტო ჭეშმარიტი დედა-შვილური სიყვარული ჰსადგურობს. რა გაუძლებდა!..

ყოველგვარი სიყვარული, — დედა-შვილურია, თუ სხვა, — მაინც ფრთხილია და მშიშარა: ჭირი უფრო ელანდება, ვიდრე ლხინი, როცა საყვარელის ტკივილი გამოცანაა, დამალულია, მიუგნებელია.

დედას შვილი ისევ ლოგინში მწოლარე ეგონა, როცა — აქაოდა შვილი არ გამოვაღვიძოო — ბნელ სახლიდამ ფეხ-აკრეფით გარეთ გამოვიდა ცოცხით ხელში დერეფნის დასაგველ-დასაწმენდად. გაუკვირდა რომ თვალი შეასწრო გიორგის, კაკლის ქვეშ ჩრდილში მწოლარეს. გიორგის თავისებურად ამოედო თავ-ქვეშ ორივ ხელები, პირაღმა იწვა ფეხებ-გაშოტვილი და კაკლის მაღალ შტოებს შესცქეროდა. ყუისავით თეთრი და ფაფუკი ღრუბელი ნაჭერ-ნაჭერ აქა-იქ მიდიოდ-მოდიოდა წყნარად და აუჩქარებლად გადაწმენდილ ცაზედ, თითქო ტოლ-ამხანაგებს ეძებენო ხელი-ხელს გადასაბმელად. ციაგ-მკრთალს ლაჟვარდს დილის ცისას საუცხოვოდ გადაეშალა თავისი კალთები ამ სუბუქად მცურავ პაწია სტუმრებისათვის, თითქო დედა იწვევს ახლად გაღვიძებულს ბალღებს კალთაში გასაგორებლადაო. სხვა დროს ამისთანა ცა, ამისთანა დილა ოთაარაანთ ქვრივსაც კი გაუხსნიდა მჭახე შუბლსა. ეხლა კი დარდი და ნაღველი არ აცლიდა.

— შვილო, ამდგარხარ კიდეც!.. მე კი ისევ ქვეშაგებში მეგულებოდი. ვერც კი დავხედე შენს ქვეშაგებს, არ გავაღვიძო-მეთქი.

— ძილი გამიკრთა, დედი! მე ჩემი ვქენ, ძილმა თავისი, არ იქნა, არ დამეძინა. გამიხარდა, რომ გათენდა და გარეთ გამოვედი.

დედა მივიდა, თავთ დაუჯდა შვილს და შუბლზე ხელი გადაუსვა.

— გიორგი, შენ შენსას მაინც არ იშლი…

— რას მიჩივი, დედი?

— რაღაც ნაღველი გაქვს, შვილო, რაღაც ნაღველი... წუხელის შენმა ჯავრმა არ დამაძინა.

— მართლა-და, ძილში ჰლაპარაკობდი, — შორს გადუგდო სიტყვა გიორგიმ. — სულ ამას იძახოდი: ღმერთო, მიხსენ, ღმერთო, მიხსენო!

— მე, შვილო?

— ჰო-და შენ.

— მე ძილში ლაპარაკი არ ვიცი.

— ეგრე კი იყო-და!

— მე ცხადლივაც მეჯავრება ტყუილ-უბრალო ღიჭინი.

— ღვთის ხვეწნა ტყუილ-უბრალოა?

— მა რა არის, როცა უდრო-უდროა. განა ჩემის მეტი დარდი არა აქვს ღმერთსა?! ვენაცვალე იმის მადლს...

— დედი, რას ამბობ?

— იმას, ჩემო კარგო, რომ ღმერთმა ადამიანი გააჩინა, უბძანა: წადი, შენს თავს შენვე მოუარეო; შენ იცი და შენმა წუთისოფელმაო; რაც წაგეკიდოს, შენი ბრალი იქნება, მე ნურას დამაბრალებო; მე ხელი დამიბანიაო; აქ ჩემთან რომ ამოხვალ, მაშინ სხვა არისო. ადუღებულ კუპრის ზღვაზედ ბეწვის ხიდს გაგიდებ, თუ კარგი ხარ, — გაივლიო; მადლი მხრებში შეგიჯდება და გაგატარებსო; კაი კაცს არ ჩაუწყდებაო

— მადლი სუბუქია და ცოდო მძიმე განა, დედი?..

გიორგის უხაროდა, რომ დედა ფიქრით შორს წაუვიდა და ჰცდილობდა უკან აღარ დაბრუნებულიყო, კიდევ მე არ ჩამაცივდესო. ის კი არ იცოდა, რომ ცოდოს ხსენებაზედ დედას ელდა ეცა. ოთარაანთ ქვრივმა ყურები აცქვიტა, ცოდო რად ახსენაო. ჩვეულმა და ჭირვეულმა ფიქრმა ხელახლად დაჰქროლა და მოუშუშა გული.

— მა რა არის, შვილო!.. — უპასუხა გულშეხუთულმა დედამ. — ეს წუთის-სოფელი ცოდო და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი. ზოგი ცოდოს იკიდებს ზურგზედ და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულსავით სუბუქია. შენთან ცოდოს რა ხელი აქვს!.. — უთხრა დედამ და ჩაუკვირდა შვილს, აცა რას იტყვისო დამნაშავე სამაკვდინო განაჩენს ისე გულის ფანცქალით არ მოელოდინება, როგორც ამ ჟამად დედა შვილისაგან პასუხს ელოდა.

— უცოდველი ვინ არის? ისეთისაგან კი ღმერთმა მიხსნა, — უპასუხა შვილმა.

დედას გულზედ მოეშვა.

— მა რას ჩაკეტილხარ და დახურულხარ შენს გულში? შვილო, დედა ვარ და არა უცხო. შენი ჯავრი გულში ჩამიჯდა ჭიასავით და ჭიასავით მფქვავს და მჭამს. შემიბრალე და მაცოცხლე!..

გიორგი მაშინვე წამოჯდა, თითქო ცეცხლი შეუკეთესო. პირველი მაგალითი იყო, რომ მისმა გულგაუტეხელმა დედამ თავი შეაბრალა. ამას ოთარაანთ ქვრივი ყოველთვის ჰთაკილობდა. ეხლა კი გულმა სძლია ხასიათის გაუტეხლობას. დედა-შვილური სიყვარული მძლეთა-მძლეა.

შვილმა შეჰხედა დედას. ოთარაანთ ქვრივს ცრემლი მოსდგომოდა თვალებში... ოთარაანთ ქვრივი ჰტიროდა!.. ამის მეტად დედის თვალზედ შვილს ცრემლი არ ენახა — ან იქნება ენახა და არ ახსოვდა; გიორგის ეოცა, გაუკვირდა. რკინის გადნობას ხელში ჭერისაგან დაიჯერებდა და დედის თვალში კი ცრემლს არა, სხვას რომ ეთქვა.

შეწუხდა გიორგი. ჩაუფიქრდა თავის-თავს — დროა თქმისა თუ არაო.

— დედი, — წამოიძახა ბოლოს შვილმა, — გეტყვი და ნუ შემრისხავ: შენი უნებური საქმე მწადიან. რიდი მქონდა და ვერ გეუბნებოდი, წადილი კი ვერ მოვიკალ, აი, რამდენი ხანია ვეჭიდები...

— რა არის, შვილო, მაგისთანა? — უპასუხა დედამა და მსწრაფლ უკუექცა თვალთაგან ცრემლი. ოთარაანთ ქვრივი მაშინვე გამოიცვალა და ისევ საქმიან დედაკაცად იქცა, რაკი სიტვა საქმეზედ მიდგა.

— მოჯამაგირედ მინდა დავდგე. გული შინ აღარ მიდგება.

— ეგ რა სთქვი, შვილო? მამის შენის შვილი და ბოგანა-მოჯამაგირობა? საიდამ სადაო? ხომ საფლავში გადატრიალდა მამა-შენი სირცხვილისაგან...

— ამას ვშიშობდი, დედიჯან, რომ გაწყენდი... მეც შემიბრალე, ადამიანი ვარ.

— მერე რა წაგეკიდა სამაგისო?

შვილმა თავი ჩაღუნა და პასუხი არ გასცა. დედას ელვასავით გაურბინა რაღაცა ფიქრმა.

— მერე ვისთან აპირობ დგომას? — ჰკითხა ხელახლად დედამ.

— ერთად-ერთი სახლია. ან იქ, ან არსად არ.

— ვისი სახლია ისეთი? გლეხისა, თუ თავადისა?

— თავადისა.

— აქ, ჩვენში?

— ჩვენში. არჩილს უნდა დავუდგე.

ოთარაან ქვრივმა ეხლა კი თითზედ იკბინა. თითქო რაღაც ენიშნაო, რაღასაც მიაგნოვო. შვილს გადაწყვეტილი არა უთხრა-რა. აღარც შვილი გამოეკიდა, თითქო დიდმა საგონებელმა ამისათვის აღარ მოაცალაო.

ოთარაანთ ქვრივი - ილია ჭავჭავაძე (გასტეხს ქვასაცა მაგარსა...) - ქარ... | Ecency