ქ ა ჯ ა ნ ა - ნიკო ლომოური - ქართული პროზა ბლოკჩეინზე - თავი VIII
ქართული პროზა
ქ ა ჯ ა ნ ა
ნიკო ლომოური
თავი VIII
ავიდნენ თუ არა ეკლესიასთან, მაშინვე ჩვენმა მლოცავებმა დაიბარეს მღვდელი, პარაკლისი გადაახდევინეს, დაამწყალობლებინეს თავიანთი ქაჯანა... მუხლის თავებით რამდენიმეჯერმე შემოუარეს გარშემო საყდარს; შემდეგ დაკლეს ცხვარი და ლუკმაც არ აუღიათ თავიანთთვის, სულ სხვებს დაურიგეს... საწყალი კიკოლა საყდრის კარებს აღარა შორდებოდა... უნთებდა ხატებს სანთელს და მაღალი ხმით ევედრებოდა მათ ქაჯანას გასაღებასა... აგრეთვე ცოლიც, მაგრამ კატო აკვირვებდა ყველა თავის მნახველს! წმინდის გიორგის დიდი ხატის წინ იდგა მუხლებზედ და თვალცრემლიანი ევედრებოდა:,,წმინდაო გიორგი, შენ თეთრ ცხენს ვენაცვალე, ამოადგმევინე ენა ჩემს ქაჯანასა და, თუ გინდა, მე დამამუნჯე.“ თვითონ ქაჯანაც არ იყო მოცლილი: ესეც მამის გვერდზედ იდგა, იწერდა მალ-მალ პირჯვარს და თვალებგაშტერებული შესცქეროდა ბჭყვრიალა და ლამაზ ცხენიან წმინდა გიორგის... მაგრამ წმინდა გიორგი ხმას არვის არ სცემდა. ქაჯანას უკეთობა არაფერში არ შეეტყო. მაინც ღვთის ვედრებას არავინ არა სწყვეტდა... გაიარეს დღეებმა, გაიარა კვირამ, და ქაჯანა მაინც ისევ მუნჯი იყო... შემოაკლდათ საგზალი და გაუჭირდათ ცხოვრება... ითმინეს, და როდესაც შიმშილმა ძლიერ შეაწუხა, გაგზავნეს კატო სოფელში პურის სათხოვნელად. პირველ დღეს შვიდი-რვა პური მოიტანა კატომ, მეორეს–ამაზედ ცოტა და მესამეს ერთი ხმიადი ძლივს ეშოვნა, თუმცა მთელი სოფელი კი შემოევლო საწყალ კატოს... დაღონებული მოვიდა და უთხრა თავი მამას:,,აღარავინ არას იძლევა, ერთმა ბებერმა დედაკაცმა ჯოხით გამომაგდო თავიანთ დერეფნიდამაო“. კიკოლა დაღონდა; სახლი შორსა ჰქონდა. ეს დალოცვილი წმინდა გიორგიც არც ცხადივ და არც სიზმარში არაფერს არ ეუბნებოდა შინ დაბრუნებაზე... შესწუხდა კიკოლა...,,ამასაც მოვესწარი?“ - სთქვა მან და გაჯავრებით გადააფურთხა სოფლისაკენ... არც სოფელი იყო მისი მადლიერი.
ერთ საღამოს სათაურელი ახალგაზრდა ბიჭები იდგნენ სათავის ქვეშ და რაღაცას სიცილით ლაპარაკობდნენ.
- ღმერთმანი, ეგრე კარგი იქნება, ძმაო, - სთქვა ერთმა, - ეგენი იძახიან: სანამ წმინდა გიორგი არ გვეტყვის, არ წავალთო... ერთი პატარა ბიჭი გადავაძვრინოთ ფანჯრიდამ საყდარში და დავაძახებინოთ: წადით, დრო არის ეხლა კიო... ისინი ხო სუ კარებში სხედან... გაიგონებენ, შვილოსან, წმიდა გიორგი ეგონებათ და გაგვეცლებიან აქედან...
- ანგრე იყვეს, ანგრე იყვეს! - დაიძახეს აქეთ-იქიდან. შემდეგ გადასწყვიტეს მაშინვე წასვლა... მართლა და, დაუძახეს დიაკვნის პატარა ბიჭსა, დაარიგეს ის კარგად, წაიყვანეს თანა და გასწიეს ეკლესიისაკენ. კარგა ბინდი იყო დაცემული დედა-მიწაზედ, როდესაც ეს ბიჭები მოფარვით ავიდნენ საყდართან და მიიპარნენ ფანჯარასთან... ერთმა მათგანმა აიყვანა ხელში პატარა ბიჭი და საყდრის უმინო სარკმელში გადააყოფინა ფეხები. პატარამ შეიხედა შინ და მაგრა მოებღაუჭა ფანჯრის რკინებს...
- ვერა, ვერა, თქვენი ჭირიმე!.. ბნელა, მეშინიან... - დაიძახა მან.
- ბიჭო, ბიჭო, ნუ გეშინიან, ნუ... აქ არა ვართ ჩვენა, - დაუძახა მას ორმა, თუ სამმა ბიჭმა.
- დედა არ მამიკვდება, ისეთ კურდღლებს მოგიყვან, რო შენოდენები იყვნენ, - უთხრა მას ერთმა... პატარა დათანხმდა და შიშის კანკალით ნელ-ნელა ჩაეშვა ძირსა... ამ დროს გაიღო კარი და საყდარში შემოვიდა მართა. მას უკან შემოჰყვა ანთებული წმინდა სანთლით ქაჯანა... პატარა ბიჭს შეეშინდა და რაღაც ნაირის ხმით დაიძახა:,,წადით, წადით“, და მიიკუჭა კედლის ბნელ კუნჭულში... მართა გამოჰქანდა უკან...,,ვაიმე, კიდევ!..“ დაიყვირა უცებ ქაჯანამ და გაყვითლებული გამოვარდა კარზედა.
- რა იყო, შვილო, რაი, შენი ჭირიმე... - დაიძახა კიკოლამ და მივარდა შვილს.
- წმინდა გიორგი დადის საყდარშიიი! - კანკალით წამოიძახა ქაჯანამ... ამ სიტყვების გაგონება და კიკოლას წაქცევა ერთი იყო... კატო სულ მთლად გიჟს დაემსგავსა... მორთო ერთი საშინელი ხარხარი და ამასთანავე ცრემლის ღვრა... კუტივით იჯდა ერთს ალაგას და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, იქნევდა აქეთ-იქით ხელებს... მართა ეცა კიკოლას, დაასხა ცოტაოდენი წყალი და მოასულიერა ის, შემდეგ ჩაისვა ქაჯანა კალთაში და მაგრა მიეკრა ძუძუებთან... კიკოლა წამოჯდა, შეხედა თავის შვილს და დაიძახა:
- შვილო, შვილო, ერთი სიტყვა კიდევ მითხარი, შენი ჭირიმე!..
ქაჯანა გამოუძვრა დედას ხელიდამ და მოეხვია მამას...
- ენა ამამედგა, მამა, ენაი... - სიხარულით დაიძახა მან...
კიკოლა მოეხვია თავის შვილს და მორთო ერთი საშინელი ტირილი... სათაურელმა ბიჭებმა საჩქაროზედ გადაიყვანეს პატარა ბიჭი საყდრიდგან და ფაცხა-ფუცხით დაეშვნენ სოფლისაკენ... კარგა მოშორებით იყვნენ, როდესაც კიკოლას ღრიალი გაიგონეს... დადგნენ და დაიწყეს საყდრისკენ ცქერა...
- ბიჭო, ბიჭო, შეხედეთ, რა ამბავი აქვთ... - დაიძახა ერთმა, - ი წმინდი გიორგის მადლმა, სუ დაგიჟებულან...
- წავიდეთ, ძმაო, წავიდეთ, - თქვა მეორემ, - ემანდ ხათაბალა არა გაჩნდეს რა. – და მართლაც, ისევ მოუსვეს სოფლისკენ.
ჩვენმა მლოცველებმა კი ის ღამე, როგორც იყო, გაატარეს აქა და მეორე დღეს დილა ადრიან შეაბეს ურემი და სიხარულით გამოსწიეს შინისაკენ...