ოთარაანთ ქვრივი - ილია ჭავჭავაძე (მხილებაა, თუ კადნიერება?) - ქართული პროზა ბლოკჩეინზე

Words
715
Reading
4 min
Listen
Play
8y

ოთარაანთ ქვრივი

მხილებაა, თუ კადნიერება?

არ გასულა ამის მერმედ ორი დღეც, რომ ოთარაანთ ქვრივი არჩილიანთას მივიდა.

— ო, ნათლიდედ, ნათლიდედ! მობრძანდი, — დაუძახა შორიდამვე არჩილმა, როცა ოთარაანთ ქვრივს თვალი შეასწრო. და-ძმანი ძირს ეზოში ისხდნენ დიდ ფურცელ-ქვეშ და დილის ჩაის შეექცეოდნენ.

— დილა კარგა-ყოფნისა, — მიესალმა ოთარაანთ ქვრივი, როცა ახლოს მივიდა.

არჩილი წამოხტა, ოთარაანთ ქვრივს მიართვა თავისი სკამი და მიიწვია დასაჯდომად.

— დაბძანდი, დაბძანდი. კესო, ნათლიდედას ჩაი მოართვი, — უთხრა არჩილმა თავის დასა.

— ჩაი რა ჩემი საქმეა, თქვენ შეექეცით, მე უმაგისოდაც გავძლებ. ქალო, როგორ გიკითხო? ხომ მშვიდობით ბძანდებით? — მოიკითხა ქალი ოთარაანთ ქვრივმა და ჩამოსკუპდა სკამზედ.

— ვართ შენის ლოცვითა და კურთ...

— მე ჩემთვისაც არა ვლოცულობ, ღმერთი არ შევაწუხო-მეთქი, და თქვენთვის სად ვილოცებდი, — უთხრა მკვახედ ოთარაანთ ქვრივმა და სიტყვა მოუჭრა.

— ჰა, აფრა არ აუშვა შენებურად, — უთხრა ღიმილით ქალმა და, თითქო მახლობელი მოყვარეაო, თავაზიანად ხელი დაჰკრა კალთაზედ, თავის სკამიდამ ლამაზად გადაწვდილმა.

ოთარაანთ ქვრივი შეიჭმუჭნა. როგორღაც ეხამუშა, ეუცხოვა ამისთანა ტოლ-ამხანაგური ქცევა ახალგაზრდა ქალისაგან: მე ვინა და ეს გუშინდელი ძუძუთა ვინაო, იფიქრა. მიუხვდა კი, რომ კესო აფრთხილებს და ისე კი, რომ საწყენად არ დაურჩეს.

— ენამ გულისა უნდა სთქვას, ფერ-უმარილი რა საჭიროა, — უთხრა ქალს ოთარაანთ ქვრივმა ცოტა არ იყოს მწყრალად.

— ეგ რაზედა სთქვი?

— იმაზედ, რომ შენ ჩემს სიტყვა-პასუხს შეუშინდი და გაფრთხილება გინდა ჩემი. მიხვევ-მოხვეულს სწორე სჯობია.

— მკვახედ იცი ლაპარაკი და კაი დედაკაცი კი ხარ.

— შენც რომ ჩემი დღენი გამოგევლო, ჩემს ტაფაში დამწვარიყავ, შენც ეგრე ილაპარაკებდი. ან სხვაფრივ ლაპარაკი რა საჭიროა? ადამიანს ვარამი და ჭირი ალაპარაკებს. ქვეყანაზედ რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა: მეტი ბარგია. ლხინს რა ლაპარაკი უნდა? ძაღლს რომ უხარიან, კუდის ქნევითაც იტყვის ხოლმე.

— ე... ე... ე! თქვენ მე ვიცი, პატარა ხანს უკან ქვასაც ჩამოურევთ, — ჩაერია არჩილი, — ნათლიდედა საქმის დედაკაცია, რა ემასლაათება? არა, ნათლიდედ?

— რატომ? ზოგან თქმაც კარგია.

— შენ ხომ მაგისათვის არ მოხვიდოდი ჩვენთან; საქმე რამ გექნება, — უთხრა ხელახლად არჩილმა.

— მართალია, უსაქმოდ არ მოვსულვარ.

— ბრძანე: შენი ხმალი და ჩემი კისერი.

— ჩემს გიორგის თქვენთან დგომა უნდა.

— ვიცით და შენ მოგერიდენით. შენი დიდი ხათრი გვაქვს და ხათრს ვერ გაგიტეხთ. შენს უნებურად ეგ საქმე არ მოხდება.

— ჩემი ნებაც არის. ჩემი შვილი ჯერ მე დამეკითხა. მეწყინა, მაგრამ დაშლა აღარ ეგებოდა. მცხვენიან, კაი ოჯახის შვილია, კაი მამის ჩამომავალია. ვთაკილობ და გვიანღაა წუწუნი: ვერ გავტეხე, ვერ ავუხირდი. დეე, რაც საქნელია, იქმნას.

— თუ ეგრეა, უარს მე ვეტყვი, — უთხრა არჩილმა, — შვილი შენისთანა დედას როგორ არ უნდა ჰნებდებოდეს!..

— ნუ, ნუ!.. ნუ ეტყვი უარს. მე დედა ვარ და წამავალი. ის შვილია და მომავალი; მე მივდივარ, ის მოდის. იმისი დღენი გასავლელი მინდორია, მე კი ჩემი მანძილი გამივლია. მე ბოლოში ვარ, ის თავში. წინ ვერ ავეფარები.

— მითომ რა გაჭირებაა, თუ შენი საამური არ არის? — იკითხა კესომ.

— გაჭირება რას მიქვიან? სურვილია, იღბალია... ჯერ დაუდუღარი მაჭარია და ბუყბუყებს. დაუდუღარს მაჭარს სარქველი არ დაეხურება, ჭურჭელს გაჰხეთქს. დეე, თავის ნებაზედ იყოს. მე არ ვუშლი, რაკი თითონ არ იშლის.

— რაკი ასეა, ისე შეგინახავ შვილს, მტერიც კი შენატროდეს, — უთხრა არჩილმა.

— მაგას არ წავეხარბინები. ის თითონაც კარგად შეინახავს თავისთავს, ისეთის მამის შვილია, — უპასუხა ოთარაანთ ქვრივმა, — ეჰ, კარგი იქნებოდა სასხვისოდ არ გაეხადნა თავი, მაგრამ რაც არის, არის!..

— ახლა შენ რომ მარტო დარჩები? — იკითხა კესომ.

— მარტო რად დავრჩები? ზოგი ჩემს გულშიაც ჩაიხედე, რამდენი ბღარტები მიზის. ჭირადაც მეყოფიან და ლხინადაც.

— აკი ნათლიდედამ მიხვევ-მოხვევა არ იცისო? აკი პირდაპირ თქმა უყვარსო? მე აქ არა მესმის-რა, — სთქვა არჩილმა და შეხედა დას, თითქო იმას ეკითხებაო.

— მიხვეულ-მოხვეული რა ვთქვი? ადამიანს მინამ ხელ-ფეხი ერჩის, მარტო არ იქნება, საქმეა ტოლ-ამხანაგი მარტოხელისა. წუთის-სოფელი ვის აცლის მარტოობისათვის? მარტო თქვენისთანას... მარტონი თქვენა ხართ.

— მართალი გინდოდა და ეგეც მართალი, — უთხრა კესომ ძმას უწყინარობის ღიმილითა.

— ნათლიდედა სიტყვას მარტო ეკლადა ჰხმარობს, — მითამ და გაიხუმრა არჩილმა, მაგრამ ვაი ხუმრობას!..

არჩილი წამოდგა ფეხზედ, ტანში გაიმართა, თითქო რაღაცამ დაუჭიმა ძარღვებიო, — ჩაიწყო ჯიბეში ხელები და მოჰყვა წინა და უკან სიარულს, მერე მივიდა, წინ დაუდგა კესოს და ჰკითხა რუსულად:

— როგორ გგონია? წინდახედული მხილებაა, თუ წინდაუხედავი კადნიერება?

— შენ მართალი ხარ, — უპასუხა დამ რუსულადვე, — ერთი ჭკუამ იცის და შესაწყნარებელია, მეორე ურცხვობამ და საწყენია. მე პირველი მგონია.

არ ვიცით ძმამ დაიჯერა თუ არა დის სიტყვა, ამას კი ვიტყვით, რომ არჩილი ამის შემდეგ მივიდა ოთარაანთ ქვრივთან მხიარულის სახითა და მართლის გულით უთხრა:

— ბრძენი დედაკაცი ხარ, ნათლიდედ, ბრძენი!..

სხვა დროს იქნება ერთი თავისებური მკვახე სიტყვა ეტკიცა ოთარაანთ ქვრივს ამ ქებისათვის, მაგრამ ეხლა კი გაუჩუმდა. მერე თითონაც უკვირდა, ნეტა ენა რამ დამიბაო.

ოთარაანთ ქვრივი - ილია ჭავჭავაძე (მხილებაა, თუ კადნიერება?) - ქართუ... | Ecency