ქ ა ჯ ა ნ ა - ნიკო ლომოური - ქართული პროზა ბლოკჩეინზე - თავი VI

Words
444
Reading
2 min
Listen
Play
8y

ქართული პროზა

ქ ა ჯ ა ნ ა

ნიკო ლომოური

თავი VI

თითქმის ნახევარი წელიწადი გავიდა ამ ამბის შემდეგ... ვგონებ, რაღაც უქმე დღე იყო და ამის გამო კარგა ბლომად მოეყარა ხალხს თავი ერთს ადგილას და ჰქონდათ ერთი რაღაც ყაყანი... მათ შორიახლო ძირს დაყრილ დიდ ხეებზედ გადამსხდარიყვნენ ათი-თორმეტი პატარა ბიჭი და მხიარულად მღეროდნენ... ერთი ამ პატარა ბიჭთაგან ამხანაგებზედ კარგა მოშორებით იჯდა... მისი დაღონებული სახე, მაგრა მოკუმული პირი ცხადათ აჩვენებდნენ, რომ ის არავითარ მონაწილეობას არ იღებდა იმ სიმღერა-მხიარულებაში. პატარაებმა დაიწყეს,,გოგონა“, დაჰკრეს ტაში და ერთი პატარა ბიჭი დატრიალდა სათამაშოთ... დაღონებული ბიჭი მობრუნდა მათკენ... თვალები გაუცოცხლდა და თითქო რაღაც კანკალმა აიტანა... უცებ გააღო პირი, ვგონებ სიმღერა უნდა ჩამოერთმია ერთი უხეირო მომღერლისთვის... მაგრამ პირიდამ რაღაცნაირი პირუტყვული ზმუილის მეტი არა ამოუვიდა რა... თითქო თავისი ხმისა თვითონვე შეეშინდა... თავში დაკრულისავით დაბარბაცდა და მსწრაფლ მოკუმა ისევ მაგრა პირი... სახე უფრო მომეტებულად დაუღონდა და თვალებიდგან ღაპაღუპით წამოუვიდნენ ცრემლები.
- რათა ტირი, შენ გენაცვალე?.. ნუ ტირი, შენი სახელის ჭირიმე! - ალერსით უთხრა მომტირალს ერთმა გოგომ, რომელმაც უცებ საიდანღაც მოირბინა და მოუჯდა მას გვერდზედ... ბავშვი მიტრიალდა, წაავლო ხელი მის ნიკაპს და მიახედა ის მომღერალი ბიჭებისაკენ... მერე თავის პირზე მიიდო ხელი და თავი მწუხარედ გაიქნ-გამოიქნია... გოგოს თვალები ცრემლებით აევსო... მოეხვია ბავშვს და კვნესით დაიძახა:
- ვაი მე და დიდი ჭირი!.. ოი, შენ გენაცვალე, შენა!..
ეს დაინახეს იქვე მსხდომმა კაცებმა. გაწყვიტეს ლაპარაკი და დაუწყეს ამ ორ ბავშვს ცქერა....
- ოჰ, ოჰ, რა ბავშვი წახდა, რა ბავშვი!! - დაიძახა ერთმა. - ახლა, ეგრე მუნჯად უნდა დარჩეს?!
- ღმერთია შენი თავდები, რომ ე გოგო უფრო მეცოდება, - სთქვა მეორემ, - ამ ქალაქ დღე სუ ეგრე უზის, კაცო, გვერდზედ და განუწყვეტლად დასტირის ზედა... საწყალი, როგორ გახდა, ხედამთ?..
- კატების ნათრევს დაემსგავსა საწყალი გოგო, - დაურთო მესამემ, - სადღაა, შვილოსან, მაგისი ხუმრობა და ეშმაკობა!.. საწყალ კიკოლას ორი შვილი ეღუპება, ორივე ერთად.
- კიკოლა დღეს მკითხავთან წავიდა... ვნახოთ, ერთი რას იტყვის ი მკითხავი? - სთქვა მეოთხემ...
ჯერ არც კი გაეთავებინა ამას უკანასკნელი სიტყვა, რომ უცებ უკანიდან მოისმა ფეხის ხმა... ზოგიერთებმა მიიხედეს უკან და თითქმის ერთხმად დაიძახეს:
- აგერ, კიკოლაც მოდის...
- რა ჰქენი, კიკოლა?.. დაეკითხა რამდენიმე ერთად ჯერ ისევ მომავალ კიკოლას...
- ძაან იმედი კი მამცა და არ ვიცი! - სთქვა სრულიად გათეთრებულმა და წელში საცოდავად მოხრილმა კიკოლამ, - სათაურას წმინდა გიორგში წაიყვანეთ და ალოცეთო. იქ იმდენ ხანს უნდა დარჩეთ, სანამ თითონ წმინდა გიორგი არ დაგითხოვთო... ვენაცვალე იმის მადლსა და სახელსა!! თუნდ ჩემ სიცოცხლეს სუ იქ დავლევ, ოღონც კი ჩემ სიმონას ეშველოს რამე... ავი სული დასცემია თავზედაო...
- მაშ, მალე წადი, კაცო,- უთხრა მას ერთმა გლეხმა, - აი, ძმაო, როცა გინდა, კამეჩები, გინდა ხარები, წაიყვანე.
- კიკოლა, - დაიძახა მეორემ,- ჩემი ურემი სუ მზამზარეული დგა... თუ გინდა, წაიღე...
- ღმერთმა გადღეგრძელოთ, თქვენი ჭირიმე!.. მაშ, დღეს შევემზადები და ხვალ დილა ადრიან გავუდგები გზასა, - სთქვა კიკოლამ და გასწია თავის ბავშვებისაკენ.

ქ ა ჯ ა ნ ა - ნიკო ლომოური - ქართული პროზა ბლოკჩეინზე - თავი ... | Ecency