ქ ა ჯ ა ნ ა - ნიკო ლომოური - ქართული პროზა ბლოკჩეინზე - თავი III

Words
433
Reading
2 min
Listen
Play
8y

ქართული პროზა

ქ ა ჯ ა ნ ა

ნიკო ლომოური

თავი III

საშინელი ეშმაკი და კუდიანი გოგონა იყო ეს კატო! ერთი რომ შეგეხედნათ მის ცოცხალ, მუდამ აქეთ-იქით მაცქერალ, კუნაპეტივით შავი თვალებისთვის, იმის დაცქვეტილი ყურებისთვის და მაღლა აწეული პატარა წარბებისათვის, უსათუოდ იტყოდით:,,ამ პატარა გოგოს სწორედ თავის ტოლა კუდი ებმისო“. კუდისა კი რა მოგახსენოთ და ეშმაკი კი ძალიან იყო. იმისგან მოსვენება არა ჰქონდათ მეზობლებს. ვთქვათ, დაინახა, სოფლის რამდენიმე დედაკაცი სხედან ერთად კედელთან ან ბაკის გვერდზე და გულგახსნით რაღაზედაც ლაპარაკობენ... უცებ გაჩნდებოდა იქ კატო, მიეპარებოდა და ნამდვილის ყვავის ხმით დასჩხავლებდა ზემოდამ... საწყალ დედაკაცებს ენა ჩაუვარდებოდათ ხოლმე; ყოველ მათგანს გული გაუქანდებოდა თავიანთ საყვარელ ქმრისა, შვილებისა, ანუ ძმებისაკენ, მაგრამ საჩქაროზედვე მოაგონდებოდათ კატო და წამოცვივდებოდნენ ფეხზე. კატო ხარხარით გარბოდა ქვემოთკენ.
- უი შენ და შენ თავსა! შე წყეულო, შენა! - მისძახებდნენ ხოლმე უკანიდამ მომღიმარე დედაკაცები.
მერმე მიეპარებოდა სხვებს და ახლა კაჭკაჭის ხმით დაიწყებდა ჭიყჭიყსა...
- კაი ამბავი, კაჭკაჭო, კაი ამბავი... ოქროს ნისკარტი, შენ პირ შაქარი, - მოისმოდა ხმა; მაგრამ ამ ხმას მაშინვე კატოს ხარხარი მიჰყვებოდა და იმათშიაც გაჩნდებოდა სიცილი და,,უი, ქალოს“ ძახილი.
შემდეგ მივიდოდა კატო და აიტუზებოდა რომელიმე გლეხის კარებთან... უცებ გააბამდა ბოხ ხმაზე ყეფას, შემდეგ აურევდა ერთმანეთში ქოფაკი ძაღლებისა და ლეკვების ხმაზედ ყეფას.

  • ე ვისი ოხერ-ტიალები შეგროვილან აქა! - მოისმოდა სახლიდამ გაჯავრებული გლეხის ხმა და ცოტა ხანს უკან გაღებულის კარებიდგან გამოჩნდებოდა ის კეტმოღერებული...
    - ერთი პური გვასესხეო! - წყნარად და დინჯად ეტყოდა მას კატო.
    - აი შე გომბიო, შენა!... შე წყეულო, შენა! - სიცილით წარმოსთქვამდა გლეხი და შებრუნდებოდა შინ პურის გამოსატანად. გამოიტანდა და, სადღაა კატო!..
    - აი დასწყევლა ღმერთმა ი გოგოი!... ერთ წუთში ორჯელ არ მომატყუილა ი თითისტოლა გომბიომ ამხელა კაცი! - წაიბუტბუტებდა გლეხი და შებრუნდებოდა უკანვე...
    ერთ ბებერ დედაკაცს კატომ სულ ერთიანად დაახოცინა რაც რომ მამლები და ყვინჩილები ჰყავდა... ბინდბუნდი რომ შეიქნებოდა, კატო მიიპარებოდა იმ ბებრის საქათმესთან და დაიძახებდა:,,ყიყლიყოოო“.
    ბებერი გაიგონებდა და ელდა ეცემოდა ხოლმე.
    - ეგ რომელი ყივის ასე უდროვოდ, ეგ ჩემი ცოდვით სავსეი, ეგა! - კვნესით იტყოდა ბებერი, აანთებდა მკვარსა, დაათვალიერებდა მამლებს და, რომელ მათგანსაც თავი მაღლა ჰქონდა აღებული, სტაცებდა მას ხელს, გამოიყვანდა და საჩქაროზედ დააკვლევინებდა... მთელი ერთი კვირა შეუჩნდა ასე კატო ამ ბებრუცუნას და სულ გააჩანაგებინა მამლის სახსენებელი.
    რამდენსამე წამს ამნაირად მოირბენდა კატო მთელს თავიანთ პატარა სოფელს და, როდესაც მოიკლავდა თავის კვიმატობის სურვილს, გატკრციალებულის სახით გაიქცეოდა ხოლმე შინისაკენ. შევიდოდა, დაგვიდა, დააკრიალებდა სახლსა; შემდეგ ან წინდას წამოავლებდა ხელს და თავის დედის ჩვენებით, იწყებდა მის ნელ-ნელა ქსოვას, ანაც მოიკეცავდა, დაიდებდა მუხლზე ხარის დიდ თეთრ ბეჭს, დაიჭერდა ხელში ინდოურის, ანუ ბატის კანჭის კალამს და ყაყაჩოს მქრალი მელნით სწერდა მასზედ:,,უფალო ღმერთო, იესო ქრისტე, სწავლა კეთილად მოუვლინე მხევალსა შენსა კატოსა“.
    - ეგ რა ასოა, კატო, ჰაა? - გაისმოდა ხოლმე დის გვერდზე მჯდომი ქაჯანას ხმა... ამ დროს კატო შეაყენებდა კალამს და გულმოდგინებით აძლევდა პასუხს თავის საყვარელ ძმას.
ქ ა ჯ ა ნ ა - ნიკო ლომოური - ქართული პროზა ბლოკჩეინზე - თავი ... | Ecency