ოთარაანთ ქვრივი - ილია ჭავჭავაძე (ახალი ცოცხი კარგად ჰგვის!..) - ქართული პროზა ბლოკჩეინზე

Words
544
Reading
3 min
Listen
Play
8y

ოთარაანთ ქვრივი

ახალი ცოცხი კარგად ჰგვის!..

ამისი თქმა ძლივ გაათავა არჩილმა, რომ ოთახში ერთი ყვირილი და ხმაურობა შემოესმათ. არჩილი მაშინვე გარეთ გავარდა და მუაჯრიდამ გადასძახა ჩალურიდამ გამოცვივნულ მოსამსახურეებს:

— ეს რა ყვირილ-ღრიალია?

— რა მოგახსენოთ? თავლიდამ მოდის, — უპასუხა ვიღაცამ.

— ერთი შემიტყვეთ, რა ამბავია?

მინამ ერთ-ერთი ვინმე წავიდოდა, თავლიდამ გამოჰრბოდა კიდეც მეჯინიბე, ვიღასაც მხარ-უკუღმა მუშტს უღერებდა, იმუქრებოდა, მოილანძღებოდა.

— ბატონო, ეს რა ღვთის წყრომაა? — შემოსძახა ქვევიდამ მეჯინიბემ, მუაჯირზედ გადმომდგარს არჩილსა. — ეს ვიღაც ოხერ-ტიალი მოთრეულა, თავ-პირი აღარ შემარჩინა ცემითა.

— ვინ ოხერ-ტიალი?

— აი, ეს ახალი მოჯამაგირე.

— გიორგი?

— ეშმაკმა იცის იმისი თავი და ტანი, გიორგია თუ ვიღაცა.

— მერე რა იყო?

— რაღა რა იყო?!. თქვენ რომ ვენახიდამ მობძანდით, თქვეს ცხენს მოვხადე და დავაბი. ისიც ხომ თქვენ ფეხ-და-ფეხ მოგყვათ. შემოვიდა თავლაში, ჩხუბი დამიწყო, გამლანძღა, გავლანძღე და მერე ამომიდო ქვეშ და ისე გამხადა, რომ ნეკნები ჩემი აღარ არის.

— აბა ერთი გიორგის დამიძახეთ, — უბრძანა არჩილმა.

ერთი მოსამსახურე გაიქცა დასაძახებლად. ამ დროს კესოც გამოვიდა მუაჯარზედ, გვერდით მოუდგა ძმას და ჰკითხა:

— რა ამბავია?

— რაღაც ჩხუბი მოსვლიათ.

— ვისა და ვის?

— გიორგისა და მეჯინიბეს.

— რაზედ?

— სწორედ არც მე ვიცი. აი, გიორგი მოვა და შევიტყობთ.

მოვიდა გიორგიცა. იღლიაში ახალუხი ჩამოჰხეოდა და სცდილობდა დაემალა. გოგო-ბიჭებმა, ვინც კი ამ დროს სახლში მოიხელებდა, ყველამ მუაჯართან ეზოში მოიყარა თავი.

— ჩხუბი მოგივიდა? — ჰკითხა არჩილმა გიორგის.

— არა. ამასთან საჩხუბარი რა მქონდა?

— მაშ რას გიჩივის, მცემაო.

— ცემით კი ვცემე.

— ეგ ხომ ჩხუბზედ უარესია. რადა სცემე?

— შენი ცხენი ისე ოფლიანი დაება. თავლაში რომ შევედი, თითონ პირაღმა გაშოტილიყო ტახტზედ და ყალიონს ეწევოდა. მე ვუთხარი: — ცოდო არ არის, ოფლიანი ცხენი დაგიბამს, ცოტა ხანს მაინც ატარებდი, ზურგზედ წყალს მაინც გადაავლებდი-მეთქი. ხომ წახდა ცხენი: ან ზურგმა ჰავა აართვა, ან ფეხში დაიხუთა-მეთქი. არამკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო, მითხრა არხეინად და ყალიონი ძალზედ გამოაბოლა. — ვერც მიმტყიპავ და ვერც მიმაგდებ-მეთქი. წავედი ცხენის ასაშვებლად, მე მინდოდა პატარა მეტარებინა და წყალი გადამევლო ოფლიან ზურგზედ. — წადიო, ვიღაცა მოთრეულხარო, — დამიძახა და დედა შემაგინა. ამაზედ გული მომივიდა და ვცემე. მამაჩემსაც არ შევარჩენდი დედი-ჩემის ავად ხსენებას.

— ეგრე კი იყო? — ჰკითხა კესომ გიორგის და გადმოჰხედა.

— ტყუილი რა საკადრისია!..

— ეგრე იყო, ეგრე! — დაიძახა პატარა ბიჭმა მეხბორემ, რომელიც მაშინ თავლაში შესწრობოდა, — სწორედ ეგრე იყო, მე იქ ვიყავი.

— კესო, ერთი დავთარში ნახე, რა ერგება, და გამოუტანე.

კესო გამოუკითხავადაც მიხვდა ვისზედ უთხრა ძმამ. შებრუნდა ოთახში, პატარა ხანს შემდეგ გამოვიდა და უთხრა:

— ოც-და-ხუთი მანეთი-ღა ერგება. აი ფულიც.

არჩილმა ჩამოართვა ფული, მუაჯარიდამ გადუგდო მეჯინიბეს და ჩასძახა:

— აი, ძმობილო, ეს-ღა გერგება. ალალი იყოს შენზედ და მე ჩემს სახლში კი ვეღარ დაგაყენებ...

— მე მცემეს და მევე მიწყრებით?!

— ამას იქით ჭკუა იცოდე: შენ რომ ცუდკაცობდე, კაი-კაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ.

არჩილი და კესო შებრუნდნენ ოთახში. გოგო-ბიჭები წავიდ-წამოვიდნენ.

— მითამ ახალი ცოცხია და კარგად ჰგვისო! — ამბობდნენ დაცინვით ზოგიერთნი ახალს მოჯამაგირეზედ.

— დაძველდები და შენც მოატან ქვიშასაო, — იძახოდნენ მეორენი.

— ეგ სხვა დედის შვილია!.. მაგას ოთარაანთ ქვრივის შვილს ეძახიანო! — ამბობდა ამათში მარტო ერთად-ერთი კაცი, ისიც ხმაამოუღებლივ, თავის გულში ამბობდა.

ეს იყო მეწისქვილე არჩილის კარის წისქვილისა, — კაცი ძველი, გულჩახვეული, გულჩაკეტილი, ჩუმი და ამიტომ ყველასაგან დაბრიყვებული. ვინ იცის, საიდამ სად იყო გადმოგდებული, და აქ წისქვილში როდის შემოხიზნული? აქ მეწისქვილედ დაბერებულიყო უცოლოდ, უშვილოდ, უთვისტომოდ. არავინ იცოდა, ვინ არის და საიდამ არის... ამისი ვარსკვლავი მარტო ამოსულიყო სადღაც და როდესღაც და ეხლა მარტოვე ჩადიოდა დინჯად და მშვიდობიანად, ტკბილად და უწყინარად.

ოთარაანთ ქვრივი - ილია ჭავჭავაძე (ახალი ცოცხი კარგად ჰგვის!..) - ქა... | Ecency